ლოცვა, მუხლმოდრეკით სათქმელი წმიდა სამების მიმართ

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუეყანასა ზედა ქუესკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს გამოუთქმელი, უფსკრულ-სიღრმე და განუსაზღვრელი; რომელმან სიყვარულისა ამის ძლით შეჰქმენ პირველი კაცი ხატად და მსგავსად შენდა, ხოლო შეცოდებითა მისითა დაცემული არა სრულიად მოიძაგე იგი, ინებე რა კუალად ცხორება ჩუენი მხოლოდ შობილისა ძისა შენისა მოვლინებითა და შემწირველმან მისმან ცოდვათა ჩუენთა აღსახოცელად ჯუარსა ზედა გაკვრითა და საშინელითა სიკუდილითა მისითა; რომელმან სული შენი წმიდა გარდამოუვლინე წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტესთა და განაბრძვნენ იგინი და მათ მიერ სახარებაჲ ქრისტესი ყოველსა სოფელსა ექადაგა; რომელმან დიდითა კაცთმოყვარებითა შენითა პირველსა მას საუკუნესა მოიხსენე ერიცა ჩუენი ქართუელთაჲ, დედისა ღმრთისა წილხვდომილად ჰყავ იგი და წმიდათა მიერ მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა შრომითა და მოღუაწებითა მოიმუშაკე იგი; რომელმან კერპოვნებითისა სიბნელითა მიმრუდებულსა დედისა ღმრთისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა კვალად მოუვლინე სულითა წმიდითა განბრძნობილი და აღჭურვილი წმიდა ქალწული, დედაჲ ნინო და განანათლე იგი სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა; რომელი მართლმსაჯულობითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ცოდუათა გამო ჩუენთა და შეგჳწყალებ სულგრძელებითა, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, – სამკვიდრებელსა ქართუელთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა, მრავალგზის კუეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა, და განამტკიცე იგი. დაიცევ, უფალო, წმიდა ეკლესიაჲ ჩუენი და ყოველნი შვილნი მისნი. მოიხსენე, უფალო, უნეტარესი და უწმიდესი მამათმთავარი ჩუენი ილია, კათოლიკოსი მცხეთისა და პატრიარქი ყოვლისა საქართუელოჲსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა; ყოვლადსამღუდელონი მღუდელმთავარნი და უფალი ჩუენი... (აქა მოიხსენონ ადგილობრივი მღვდელმთავარი); პატიოსანნი მღვდელნი და დიაკონნი, ბერნი და მონოზონნი; დღითი-დღე განაბრძვნენ იგინი, უფალო, მადლითა სულისა წმიდისათა და ლოცვითა და მოღუაწებითა მათითა კეთილად წარუმართე სლუაჲ ერსა ჩუენსა გზასა ზედა ცხონებისასა.

სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.

ჰოჲ, უფალო ჩუენო იესო ქრისტე, რომელმან გვასწავე მიღებად ყოველივესი, რაიცა ვითხოვოთ მამისაგან შენისა ზეცათასა სახელითა შენითა. აჰა, უცთომელად მიმნდობელნი სიტყუათა შენთა, ვითხოვთ ღმრთისაგან ყოვლისა მპყრობელისა და მომნიჭებელისა ყოვლისა კეთილისა, რათა სწავლებისაებრ წმიდისა მოციქულისა სიტკბოებამან ღმრთისამან სინანულად მიგვიყვანოს ჩუენ, რომელნი სიფიცხლითა ამით ჩუენითა და შეუნანებელითა გულითა ვინუჯებთ თავისა ჩუენისა რისხუასა დღესა მას რისხჳსა და გამოჩინებისა მართლმსაჯულებისა ღმრთისასა. გვიხსენ, უფალო, რწმენისაგან არაცხოველისა და ნელტფილისა, მოაქციენ გულნი ჩუენნი ამაოთაგან საქმეთა და სიყვარულისაგან შვებათა წუთიერისა და მსწრაფლწარმავალისა ამის სოფლისათა და აღგვიხილენ თვალნი ჩუენნი ხედვად წარუვალისა სოფლისა დიდებისათა და გონებანი ჩუენნი კეთილად განსჯად საქმეთა სულისა ჩუენისა სარგებელისათა; აღანთე ლამპარი გულსა შინა ჩუენსა შენდამი სიყვარულისა და მოგუაქციენ ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რათა ჩუენ, ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მჴევალნი შენნი, გარნა შენითა შეწევნითა აღმართულნი და მმადლობელნი შენნი გიგალობდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ დიდითა წყალობითა შენითა. ამინ.

იქმენ გამორჩეულ ღმრთისა მიერ წმიდისა სამებისა და ჰბრწყინავ წინაშე მისა, დედუფალო მარიამ, დედაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, და გაქუს კადნიერებაჲ ძისა მიმართ შენისა, მას ევედრე, რათა გუაცხოვნოს ჩუენ თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე, ამინ.