სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

ნუთუ ეს მნიშვნელოვანია?

ნუთუ დიდად მნიშვნელოვანია - იყო თუ არა სინამდვილეში წარღვნა? ამგვარი კითხვა მუდმივად გაისმის „სულიერად განათლებულ“ მატერიალისტთა მხრიდან, ასევე „მეცნიერულად განსწავლულ“ ღვთისმეტყველთა შორის.

„ბიბლია წარმოადგენს სამოძღვრო ლიტერატურის უნიკალურ ძეგლს, რომელიც უამრავ სასარგებლო რჩევას შეიცავს მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით. ღირს კი მოვითხოვოთ მისგან მეტი?“ - კითხვას სვამენ პირველნი.

„ბიბლია არ წარმოადგენს ისტორიისა და ფიზიკის სახელმძღვანელოს. სისულელე იქნებოდა მის შინაარსში სულიერის, მისტიკურისა და ალეგორიულის მნიშვნელობის მიღმა კიდევ რაიმე მოგვეძია“, - ამტკიცებენ მეორენი.

საბედნიეროდ, ცდებიან როგორც ერთნი, ისე მეორენი. როგორც რელიგიის, ასევე მეცნიერების საერთო მიზანია ჭეშმარიტების შეცნობა. და თუმცა მათი მოღვაწეობის მეთოდები და სფეროები რამდენამდე განსხვავებულია, ბიბლია ამ სფეროების გადაკვეთაზე ძევს. ასეა, ადამიანს - ღვთის ხატსა და მსგავსს - მიეცა უდიდესი სიხარული საკუთარი გამოცდილებით შეიცნოს ჰარმონიის კანონები, რომელიც მატერიალურ სამყაროში დადგენილია მისი შემოქმედის მიერ. ბიბლია კი მას ასწავლის მხოლოდ უმთავრესს - გადარჩენის კანონს. მაგრამ ვინაიდან იგი ღვთის სიტყვაა, ამიტომ საოცრად ზუსტია ყველა ისტორიულ თუ საბუნებისმეტყველო დეტალში, რასაც კი იგი ეხება.

მეცნიერული ცოდნის არასრულყოფილების გამო, შემეცნების პროცესი წარმოადგენს ჰიპოთეზების მუდმივ ცვლას, ხშირად - ურთიერთგამომრიცხავს. უკვე გულუბრყვილოდ გვეჩვენება შუა საუკუნეების პოპულარული თეორია - ტალახის, ძონძების, თივისა თუ მისთანების ნარევისგან მატლების, თაგვების, ჰომუნკულუსების (პატარა კაცუნები) და სხვათა სიცოცხლის თვითჩასახვის შესახებ. ლუი პასტერმა ბრწყინვალედ უგულებელყო თვითჩასახვის თეორია, აჩვენა რა, რომ სიცოცხლე არ წარმოიშობა არაცოცხალი მატერიისგან. მაგრამ ეს თეორია ხელახლა წამოიჭრა ჩვენს საუკუნეში მილერისა და ფოქსის ექსპერიმენტების შემდეგ, რომელთაც შეძლეს ამინომჟავას სინთეზი აზოტის, ამიაკისა და წყლის ორთქლის ნარევისაგან. აქედან ვითომცდა მტკიცდება სიცოცხლის წარმოშობის შესაძლებლობა არაცოცხალი მატერიისგან. თუმცა, შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი სახით მიღებული ამინომჟავას ნარევი არათუ არ წარმოქმნის ცილებს თავად, არამედ ხელს უშლის მათ წარმოქმნას, როდესაც მას ბუნებრივი წარმოშობის ნარევს უმატებენ. ბიბლია კი ყოველთვის ერთი და იმავე აზრის მატარებელია, რომ მხოლოდ ღმერთი, „რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი... რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო“ (საქმ. 17,24-25).

მსოფლიოს ფიზიკური სურათის შემეცნების მარცვლებიც კი, რომლებსაც ბიბლიაში ვხვდებით, გვაკვირვებენ თავისი სიზუსტით: „განჰმარტეს ბღუარი (ჩრდილოეთი) არარასა ზედა და დამოჰკიდა ქუეყანაჲ არავერასა ზედა“ (იობ. 26,7), - ვკითხულობთ წიგნში, რომლის ავტორის ანამედროვეთათვის ოდითგან ცნობილი იყო, რომ დედამიწა სამ სპილოს ეყრდნობოდა.

„კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ“ (შესქ. 22,17), - დაწერილია ოთხი ათასი წლის წინ. თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ - ტელესკოპის გამოგონებამდე - ითვლებოდა, რომ ცაზე ვარსკვლავების რაოდენობა ცნობილი იყო და არ აღემატებოდა ნახევარ ათასს (გულისხმობდნენ მხოლოდ იმ მნათობებს, რომლებზედაც შეუიარაღებელი თვალით შეიძლება დაკვირვება). ქვიშა კი ზღვის სანაპიროზე ხომ უთვალავია.

მხოლოდ ბოლო საუკუნეების ზუსტმა ასტრონომიულმა დაკვირვებებმა მოგვცა საშუალება, ჩავწვდომოდით იობისმიერ აღნიშნული შენიშვნის აზრს: „გულისჴმა-გიყოფიან საკჳრველნი ხომთანი, ანუ ზღუდენი ორიონთანი შენ განახუენ?“ (იობ. 38,31). ხომლსა და ორიონს ძველი ხალხი შესაბამისად პლეადებისა და ორიონის თანავარსკვლავედებს უწოდებდნენ და თვლიდნენ, რომ მათი ფორმები დროთა განმავლობაში არ იცვლებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა თანავარსკვლავედი, მათ შორის ორიონიც, დედამიწიდან ხილულ მოხაზულობას თანდათან იცვლის იმ მიზეზით, რომ მათი შემადგენელი ვარსკვლავები ურთიერთის მიმართ მოძრაობენ. მხოლოდ პლეადებს ხედავდნენ და მუდამ დაინახავენ უცვლელად.

„რავდენი ქმნა ქუეყანასა ზედა ქართა სასწორი და წყალთა საწყევო“ (იობ. 28,25), - ნათქვამია ტორიჩელის ექსპერიმენტით ჰაერის მასის განსაზღვრამდე დიდი ხნით ადრე.

ბევრი ძველი ასტრონომი თვლიდა, რომ მთვარე და მზე დაახლოებით ერთი ზომისა იყო, თუმცა არსებობდნენ ისეთი „პროგრესული“ მოაზროვნენიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მთვარე გაცილებით დიდია მზეზე, მხოლოდ უფრო დიდი მანძილითაა დაშორებული დედამიწიდან და ამიტომ მისი სითბო ჩვენამდე ვერ აღწევს. მაგრამ შესაქმის წიგნში ცალსახადაა ნათქვამი, რომ „შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი მთავრობად ღამისა“ (შესქ. 1,16).

რა თქმა უნდა, როგორც არ უნდა ვითარდებოდეს მეცნიერება, იგი გამუდმებით აგროვებს ახალ ცოდნას, და ნებისმიერ მომენტში „მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინასწარმეტყუელებთ“ (1 კორ. 13,9). მაგრამ ჩვენი დღევანდელი არასრული ცოდნის პოზიციიდანაც კი, რა მრავლის მეტყველად და მშვენიერი ფორმით გვევლინება სიტყვები: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ (შესქ. 1,1). ზეციური და მიწიერი სამყაროს შექმნის შესახებ გადმოცემის გარდა, ეს ფრაზა შეიცავს  ასევე ღრმა საბუნებისმეტყველო მეცნიერულ აზრს. ამავდროულად ცისა და დედამიწის აღსანიშნავად გამოყენებულია ძველებრაული სიტყვებიც ხომ შესაბამისად, სივრცისა და მატერიის სინონიმებს წარმოადგენენ, ხოლო გამოყენებას სიტყვისა „დასაბამად“ შემოაქვს მესამე ფუნდამენტური კატეგორია - დრო. და განა შეიძლება თავდაპირველი, ჯერ კიდევ არაორგანიზებული მატერიის აღწერა უფრო ზუსტი, უბრალო და ამასთან ერთად პოეტური ენით, ვიდრე მოცემულია: „ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ  და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა წყალთა ზედა“ (შესქ. 1,2). მაგრამ ამგვარი ამორფული მასის სისტემაში მოყვანისათვის აუცილებელი იყო ენერგიის ცნების შემოტანა. ასეც ხდება „თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი! და იქმნა ნათელი“ (შესქ. 1,3) ჩვენთვის ცნობილი ფიზიკური გაგების თვალსაზრისით, ნივთიერების შექმნა სივრცე-დროის სისტემაში და მისი სისტემატიზაცია ენერგია-ინფორმაციის გარედან შემოტანის გზით წინასწარ განზრახული გეგმის შესაბამისად, სიმართლესთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე მეცნიერებისმაგვარი ზღაპრები, რომ „აბსოლუტური არარაობა“ (როცა არ იყო არც სივრცე, არც დრო, არც მატერია, არც ენერგია, არც ინფორმაცია) აფეთქდა ყოველეგვარი მიზეზის გარეშე და შეიქმნა ჩვენი სამყარო, ყველა თავისი სირთულითა და ჰარმონიით.

თუმცაღა, ამგვარი გამონაგონების შესახებ ბიბლია მკაფიოს გვაფრთხილებს: „რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურობასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა; და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ“ (2 ტიმ. 4,3-4).

„ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა. თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანა-აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისა მისგან თჳსისა“ (2 პეტ. 3,16-17).

და მართლაც, ნებისმიერი სამეცნირო წიგნი, რომელიც თავის დროზე მსოფლმხედველობის მწვერვალად ითვლებოდა, ძველდება და დროსთან ერთად სულ უფრო და უფრო გულუბრყვილოდ გვეჩვენება, მაშინ როცა ბიბლიაში ახალი და ახალი მტკიცებულებები ჩნდება როგორც საბუნებისმეტყველო-მეცნიერული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით. მსგავსი მაგალითები უამრავი შეიძლება მოიძიოს.

არქეოლოგიის განვითარებასთან ერთად აღმოჩენილია მრავალი ახალი მტკიცებულება წარსულში არსებული ქალაქების, ქვეყნების, ხალხებისა და მოვლენების შესახებ, რომელთა თაობაზე უკვე დიდი ხნის წინ გვსმენია ბიბლიიდან. 1947 წელს კი მკვდარი ზღვის რაიონში უძველესი ყუმრანის მანუსკრიპტების აღმოჩენად საბოლოოდ უგულებელყო მტკიცება, თითქოს ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება და გამოცხადება უფრო გვიანდელ მინაწერს წარმოადგენდეს. ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე შექმნილი ხელნაწერები სრულიად შეესაბამება თანამედროვე ბიბლიურ ტექსტებს:

„ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს“ (მთ. 5,18).

სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. თუკი ბიბლია ყოვლისმცოდნე ღმერთის გამოცხადებაა, იგი არ შეიძლება არ იყოს ზუსტი დეტალებში, თუნდაც ეს დეტალები წმინდა წერილის ძირითად დანიშნულებას არ წარმოადგენდეს. წარღვნა კი - ბიბლიის საკვანძო ადგილია. შემთხვევითი არ არის, რომ მის აღწერილობას ეთმობა ოთხი თავი (შესქ. 6-9), რომელთაგან თითოეულ მათგანზე ვპოულობთ გარკვეულ მითითებებს ახალი აღთქმის ყველა ავტორის, საერთო ჯამში, ოც წიგნში. არც ის არის შემთხვევითი, რომ თვით იესო ქრისტე საუბრობს წარღვნაზე არა როგორც მითის, არამედ როგორც რეალური მოვლენის შესახებ: „ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ“ (მთ. 24,37-39; ლუკ. 17,26-27).

ბიბლიის იმ თავების კითხვა, რომელიც მსოფლიო წარღვნას აღწერს, გვაიძულებს დავფიქრდეთ როგორც მომავალ სამსჯავროზე, ასევე ცხონების ჩვენთვის ბოძებულ შესაძლებლობაზე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წარღვნა მხოლოდ და მხოლოდ ალეგორია, ან რაიმე ქარაგმაა, რომელიც სინამდვილეში არც კი ყოფილა. თუ ჩვენ დავუშვებთ მსგავს შეხედულებას, მაშინ ასევე ალეგორიად შეიძლება ჩაითვალოს რეალურ სამყაროში თითქოს არარსებული მიწიერი ცხოვრება, მოწამეობრივი გარდაცვალება და აღდგომა ჩვენი შემოქმედის, მხსნელისა და მსაჯულის - ღვთისა იესო ქრისტესი. ვის შეუძლია გაავლოს ზღვარი ალეგორიასა და რეალობას შორის? მაშ, განსჯის დღეც - მხოლოდ და მხოლოდ ალეგორიაა. მაგრამ ამ შემთხვევაში რისთვის იქნებოდა საჭირო წარღვნის აღწერა?

შემოქმედმა ადამიანს უბოძა შეუფასებელი ძღვენი - თავისუფლება. სარგებლობს რა ამ ჯილდოთი, ადამიანს შეუძლია თავისი ნებით გააკეთოს არჩევანი - უსიტყვოდ მიიღოს მთელი ბიბლია, როგორც ღვთის სიტყვა და ცხონებსი გზის კეთილი უწყება, ან უარყოს იგი. მაგრამ ამ არჩევანში შუალედური ვარიანტებისა და კომპრომისების ადგილი არ არის. „არამედ იყავნ სიტყუჲ თქუენი: ჰეჲ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს“ (მთ. 5,37). ძლიერ დიდია ფსონი ამ არჩევანისას. ამაზე დიდი არ არსებობს.


<< წინა თავი

სარჩევი

ავტორის შესახებ