უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ინტრონიზაციის დღეს

მცხეთის სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი, 25 დეკემბერი, 2000 წ.

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო!

დღეს მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია. 23 წლის წინ, სწორედ ამ წმიდა ტაძარში აღსრულდა ნება ღვთისა. თქვენ კარგად იცით, როგორ განვლო ამ დრომ. რომ მკითხოთ, თუ რას ვგრძნობდი ამ პერიოდის განმავლობაში, გიპასუხებთ, ეს იყო 23 წლის მოწამეობა, 23 წლის ტანჯვა. ამავე დროს, ეს იყო სულიერი წინსვლა, აღმავლობა. უწინარეს ყოვლისა, ჩვენ ვმადლობთ ყოვლადწმიდა სამებას, ღვთისმშობელ დედას, წმიდანებს, რომ უფალმა ინებოს სრულიად საქართველოს სულიერი აღმავლობა. მტრებს ეგონათ, რომ საქართველოს ეკლესიის მზე მალე ჩაესვენებოდა და დამთავრდებოდა მისი ისტორია, მაგრამ ღვთის განგებამ მკვდრეთით აღადგინა იგი, რისთვისაც ვმადლობთ უფალს.

მე მითქვამს, და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ იმას, რაც ყოველ თქვენთაგანს, მთელ ეკლესიას და პრიადად მეც მეხება: როცა დავით წინასწარმეტყველი ზეიმით შედიოდა იერუსალიმში, მან შეაჩერა მისი მადიდებელი და მაქებელი ხალხი, დაუძახა დიდებულებს და განაცხადა: „გადაეცით ყველას, რომ უფალი მეფობს“, - ე.ი. მე კი არა, უფალი მეფობსო. ღვთის მადლით, ამ 23 წლის მანძილზე და მომავალშიც, უფალი მეფობდა და იმეფებს. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ წყალობისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გაახაროს სრულიად საქართველო.

ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალწელიწადი გაგითენოთ. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“  №???, 1999 წ.