უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, ილია II სიტყვა განათლების სამინისტროში

20 სექტემბერი, 2004 წელი

ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფებით აქ და უნდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც ეკისრებათ დიდი მისია - ქართული ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება არაქართულ მოსახლეობაში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა პედაგოგებმა მოსწავლეებს უნდა შეაყვარონ საქართველო და თავისი თავი; როცა მოსწავლეს უყვარს მასწავლებელი, იგი დიდი სიხარულით სწავლობს მის საგანს; აღსაზრდელებმა (და მათმა მშობლებმა) უნდა გაითავისონ, რომ მათთვის აუცილებელია აღნიშნული საგნების ცოდნა, რომ მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს ცხოვრებაში. ამასთან, შესაძლებელია მათ მომავალში დაიკავონ ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობებიც.

ღმერთი გიძღოდეთ და გეწიოდეთ; დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მოღვაწეობა გამოიღებს კარგ შედეგებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისადმი, რომელიც ხალხში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ამასთან, ვრცელდება ისეთი ხმა, თითქოს საქართველოს საპატრიარქო მთლიანად უჭერს მხარს მას.

მე ამის შესახებ მქონდა საუბარი მინისტრთან და ჩვენს პრეზიდენტთან. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან დაინტერესებულია, რომ ნაკლები კრიტიკა იყოს ამ კანონპროექტის მიმართ და იგი შესაძლებლობისამებრ იყოს სრულყოფილი.

ჩვენთან, საპატრიარქოსთან, არის სასწავლო კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. მას ამ თემაზე ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა დირექტორებთან და პედაგოგებთან. ყველა გამოთქვამს იმ აზრს, რომ იგი დასამუშავებელია და ბევრი ნაკლი აქვს. ხალხი თხოულობს, კანონპროექტის გაზეთებში გამოქვეყნებას, რადგან მას ვერ ეცნობა ინტერნეტის სასუალებით. ჩვენც ვფიქრობთ, რომ საჭიროა მისი უფრო ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა. ამ მოთხოვნით სასწავლო კომიტეტმა შეადგინა მიმართვა და მინდა იგი გადმოგცეთ, ბატონო მინისტრო.

მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩვენის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესაძლებლობისამებრ შევეწიოთ განათლების დიდ საქმეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ აღზრდაც. ამ კანონპროექტში ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული.

დღევანდელ გაზეთ „24 საათში“ უმაღლესი სასწავლებლების შესახებ კანონპროექტის კრიტიკაა დაბეჭდილი. ნათქვამია, რომ ჩვენ ბრმად არ უნდა გადმოვიტანოთ დასავლეთის სტერეოტიპები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიცია, ჩვენი ეროვნული ფასეულობანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული ახალ კანონში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მინისტრი თვითონაც დაინტერესებულია და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კანონპროექტი იყოს სრულყოფილი.

კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ყველას მოწვევისათვის და ბატონ მინისტრს გადავცემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35(293), 2004 წ.