სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მიერ წარმოთქმული სიტყვა პროექტის - „გავიხსენოთ საქართველო“ პრეზენტაციაზე

საქართველოს საპატრიარქო, 10 მარტი, 2005 წელი

„...პირველი ნაბიჯი გადადგმულია, საფუძველი დადებულია, ნამდვილად დიდი საქმე გველოდება. მინდა გითხრათ, რომ ფილმების ეს სერიალი არა მხოლოდ იმისათვის კეთდება, რომ ჩვენი თავი და საქართველო მსოფლიოს წინაშე წარმოვაჩინოთ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კულტურა ჩვენს ახალგაზრდობას უნდა გავაცნოთ. უნდა ვაჩვენოთ, თუ რას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები და რას უნდა აკეთებდეს თანამედროვე ქართველი. პირველ რიგში, ამ სერიალში უნდა წარმოვაჩინოთ ქართული ხასიათი, ქართული გენი, ქართველი კაცი.

სამოქალაქო ომის ძალიან მძიმე პერიოდში საქართველოში გაჩნდა თვითგვემის განცდა - თურმე ვინ ვყოფილვართ, ჩვენ ხომ ძმები დავხოცეთო.

იმ დროს თბილისში ჩამოვიდა ერთი ქალბატონი აშშ-დან, რომელმაც ჩამოაყალიბა საზოგადოება „ამირანი“. იგი მოსული იყო საპატრიარქოშიც და მითხრა: ქართველები მეტისმეტად იმცირებენ საკუთარ თავს, სულაც არა ხართ ისეთი ცუდები, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათო... ქართველი ხალხი არ დაიღუპება, თქვენი ერი ძლიერიაო. და მოიტანა რამდენიმე მაგალითი ჩვენი ცხოვრებიდან, ისეთი, რომელსაც ჩვენ შეიძლება ყურადღება არც მივაქციოთ, უცხოსთვის კი იგი ბევრის მთქმელი ფაქტი იყო.

ვფიქრობ, რომ ფილმების ამ სერიალში, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ნაჩვენები ის სიყვარული, რომლითაც უფალმა ჩვენი ხალხი დააჯილდოვდა; ის, რომ ნიჭი, რომელიც არსებობდა და არის ჩვენს ხალხში, დღესაც ძლიერია.

მინდა გიჩვენოთ წმიდა ანდრია პირველწოდებულის თანამედროვე ხატი, იგი მთლიანად ოქრო და მინანქარია და არაფრით ჩამოუვარდება იმ ხატებს, რომლებიც XI-XII საუკუნეებში კეთდებოდა. ეს ხატი ერთ-ერთმა ოჯახმა შეუკვეთა სამების საკათედრო ტაძრისათვის.

უცხოეთი დაინტერესებულია საქართველოთი. დასავლეთმა გაიგო, რომ საქართველო არ არის მხოლოდ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული დერეფანი, და რომ ჩვენი სამშობლო დიდი კულტურის ქვეყანაა.

ნიჭი ჩვენში ნამდვილად არის, ოღონდ ამას გამოვლენა სჭირდება და ჩემის აზრით, ასეთი ფილმები ხელს შეუწყობს ამ პროცესს. მე ვლოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან ამ დიად საქმეს, ვფიქრობ, რომ მალე ვიხილავთ კიდეც მათი შრომის ნაყოფს.

ყველას მადლობას გიხდით და გილოცავთ წმიდა შიო მღვიმელის დღესასწაულს. მისი ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №13(320), 2005 წ.