უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 14 ოქტომბერი, 2006 წელი

„ყველაფერი დაკარგულია, თუკი ადამიანი კარგავს უფლის მადლს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. ეს იმას ნიშნავს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ერი უნდა იყოს უფლისა ანუ იგი უნდა ასრულებდეს შემოქმედის მცნებებს, იდგეს ჭეშმარიტების გზაზე. მაგრამ როგორ მივაკვლიოთ ჭეშმარიტების გზას? წმინდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი“. ანუ ამ გზაზე უფალმა უნდა დაგვაყენოს, - აი, ეს არის მთავარი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ უფლის გზა, უნდა ვიაროთ ამ გზით და ჩვენი უმთავრესი მიზანი სასუფევლის მკვიდრობა უნდა იყოს.

ყოველ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და თავისი ენერგია - ღვთის მიერ მიცემული ძალა. ეს არის უდიდესი ჯილდო, მაგრამ, ამავე დროს, - უდიდესი განსაცდელიც. რადგან იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს იგი თავის ნებას, დამოკიდებულია მისი მარადიული ცხოვრების ხვედრი. თუკი ის ირჩევს უფლის გზას, იგი უნდა დაუახლოვდეს ღმერთს და უნდა შედგეს სინერგია, ანუ შერწყმა ღვთაებრივი და ადამიანური ენერგიებისა. ადამიანი ან ერი, რომელიც ამას მიაღწევს, - იქმს სასწაულს, თუ არა და სხვა გზა დაღუპვისკენ მიაქანებს.

უფალმა მოგვცა ჩვენ ძალა, უფალმა მოგვცა გარჩევის უნარი, - თუ მოვისურვებთ, შეგვიძლია, გავარკვიოთ, სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება, სად არის გზა ღვთისა და სად არის გზა ეშმაკისა. ერთმა ადამიანმა თქვა: „შეიძლება დაკარგო მიწიერი სიმდიდრე - ამ შემთხვევაში არაფერი დაგიკარგავს, შეიძლება დაკარგო ჯანმრთელობა, მაგრამ ცოცხალი მაინც დარჩები, მაგრამ თუკი დაკარგე მადლი ღვთისა - შენ ყველაფერი დაგიკარგავს!“ ამას იცავდა, ამას ეტრფოდა და ამაზე ოცნებობდა ქართველი ადამიანი, რომ მადლი ღვთისა მუდამ ყოფილიყო საქართველოში და დაეცვა ჩვენი ქვეყანა.

კვართი ღვთისა - ეს არის უდიდესი სიმდიდრე, მსოფლიოს უდიდესი საუნჯე. ღვთის განგებით ეს სიწმინდე ჩამობრძანდა საქართველოში და რადგან აქ არის მისი სავანე, - აქ იყო, არის და იქნება მადლი ღვთისა.

საქართველო გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი - ეს არის ნება ღვთისა, ეს არის დიდი მადლი, მაგრამ, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. ამ მადლმა მოგიყვანათ თქვენ ტაძარში, ამ მადლმა მოგვანიჭა ჩვენ მართლმადიდებელი სარწმუნოება და იგი გვაცხოვნებს ჩვენ, რადგან იგია „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“.

შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ამ მადლს? რა თქმა უნდა, არა. იმიტომ რომ „ცოდვასა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ და ცოდვილნი ვართ, მაგრამ „უფალო, შენი ვარ, მაცხოვნე მე“. ცოდვილნი ვართ, მაგრამ უფლისანი ვართ და მას უნდა მივანდოთ ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი სულიც. ის მადლი ღვთისა, რომელიც ჩამოიტანა უფლის კვართმა, როგორც სულიერი ჩირაღდანი, ანათებს საქართველოში და იგი გადაგვარჩენს და გვაცხოვნებს ჩვენ.

ყველას გილოცავთ მირიან და ნანას ხსენების დღეს. გილოცავთ ჩვენი დიდი პატრიარქის, საქართველოს პირველი პატრიარქის [*] მელქისედეკ I-ის ხსენების დღეს. მათი ლოცვა-კურთხევით ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენთან და საქართველოსთან, ამინ!

ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39, 2006 წ.

 


[*] - წმინდა პატრიარქ მელქისედეკ I-მდე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები მხოლოდ კათოლიკოსის ტიტულს ატარებდნენ. სვეტიცხოვლის აღმშენებელი მელქისედეკი პირველი იყო, რომელი იწოდა კათოლიკოს-პატრიარქად. მას შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაური ამ ტიტულს ატარებს.