უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 იანვარი, 2008 წ.

„ნაკურთხი წყალი აღვსილია ღვთის მადლით და იგი წმინდა ჰყოფს ყოვლისაგან ბიწისა ყოველ ადამიანს“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ყოველი ჩვენგანი არის თანაზიარი ღვთის საკვირველებისა! დღევანდელ დღეს ღმერთმა მოგვანიჭა ჩვენ მადლი სულისა წმინდისა.

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არის უდიდესი დღესასწაული: დღეს ჩვენ ვაკურთხებთ წყალს - დიდ აიაზმას.

ადამიანი თავის ცხოვრებაში მუდამ ეძებს საკვირველებას, ეძებს სასწაულს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა იგი ამბობს: მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიწამებ, თუ სასწაულს ვიხილავ. დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ასეთი სასწაული. ჭეშმარიტად, „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. წყალი, რომელიც დღეს იკურთხა, რამდენი წელიც არ უნდა შევინახოთ, - არ გაიხრწნება. დიდი აიაზმა განნმენდს ჩვენს სულს, გულს, განანათლებს გონებას. იგი უნდა ვასხუროთ ჩვენს ბინებში, ვასხუროთ ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებს. ნაკურთხი წყალი აღვსილია ღვთის მადლით და იგი წმინდა ჰყოფს ყოვლისაგან ბიწისა ყოველ ადამიანს. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში უნდა გვქონდეს შენახული და ყოველ დილას მცირეოდენი უნდა მივიღოთ უზმოზე და უნდა ვასხუროთ ხოლმე სახლის კუთხეებში.

დღეს არის კიდევ ერთი დიდი დღესასწაული. საღამოს 6 საათზე შესრულდება 500-ზე მეტი ჩვილის საჯარო ნათლობა, რომელთა ნათლიაც, ღვთის მადლითა და წყალობით, მე გავხდები. მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ განჩინება, რომ ვისაც ეყოლება მესამე შვილი, თუ ოჯახს ამის სურვილი ექნება, მისი ნათლია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდება. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამი შვილით უნდა დამთავრდეს შობადობა. არა მარტო მესამის, მომდევნო ბავშვების ნათლიაც მე ვიქნები, თუ მშობლებს სურვილი ექნებათ. ეს არის დიდი მადლი და წყალობა ღვთისა იმ ჩვილებისთვის, რომლებიც მოინათლებიან.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დიდი მადლი მოგცეთ!

ღმერთმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმინდისა - უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

ღმერთმა მოგცეთ სულიერი და ფიზიკური ძალა და ღმერთმა მოანიჭოს საქართველოს მშვიდობა, სიმშვიდე, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა!

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკან დგას სრულიად საქართველო! სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, გავუგოთ ერთმანეთს, უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს და ამ შემთხვევაში შევძლებთ, გამოვნახოთ საერთო ენა.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო!

წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2, 2008 წ.