საუფლო კვართსა და სვეტიცხოველზე

ინტერვიუ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილან

– მამა არჩილ, გვიამბეთ როგორია წმინდა მამათა სწავლება მაცხოვრის კვართის შესახებ?

განმარტება საუფლო კვართზე აქვს მრავალ წმინდა მამას: კვიპრიანე კართაგენელს, კოზმა მაიუმელს, ისიდორე პელუსიოტს, მაქსიმე აღმსარებელს, აგრეთვე, სწავლულ და ფილოსოფოს ბერს თეოდორე ზიგაბენს.

ჯვარცმის შემდგომ მაცხოვრის კვართისა და სამოსლის შესახებ ოთხივე მახარებელი მოგვითხრობს. მაგრამ იოანე ღვთისმეტყველი, როგორც სჩვევია, სინოპტიკოსი მახარებლების მონათხრობს ავსებს და მხოლოდ იგი გვამცნობს, რომ კვართი არ განხიეს მხედრებმა, სამოსელი მათ ოთხ ნაწილად განიყვეს და ყოველივე ამით აღსრულდა წინასწარმეტყველება, რომელიც დავითის 21-ე ფსალმუნში იყო – „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“.

შესაძლოა, იოანე ღვთისმეტყველს, როდესაც უფლის კვართის განუყოფლობაზე გვამცნობდა, ამით ქრისტეს ეკლესიის მთლიანობის (ერთიანობის) აუცილებლობაზე სურდა მითითება (კვიპრიანე კართაგენელი. კათოლიკე ეკლესიის ერთიანობის შესახებ).

თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, ჯვარცმის წინ ქრისტეს ერთი სახელოებიანი პერანგი, ანუ ჯუბა ემოსა, არა შეკერილი, არამედ ზეით გამოქსოვილი (წმიდა გადმოცემით, იგი ღვთისმშობლის მოქსოვილი იყო), – ესაა კვართი უფლისა, ხოლო კვართზე ემოსა ორი ზედა სამოსელი. ოთხმა მხედარმა ეს სამოსელი ოთხად დაანაწილა, არა იმის გამო, რომ ის ძვირფასი იყო და მისგან თითოეულ მათგანს რაიმე შეხვდებოდა (როგორც ისიდორე პელუსიოტიც ამბობს, იესოს ღარიბ გალილეველთა უბრალო სამოსელი ემოსა), მათ ეს უფრო მეტად უფლის შეურაცხყოფის მიზნით მოიმოქმედეს. რაც შეეხება კვართს, ის რომ მხედრებს განეხიათ, როგორც ერთიანად ნაქსოვი, მთლიანად დაიშლებოდა. თუმცა ამ ყველაფერში საღვთო განგებულებაც ერია.

ღვთაებრივი მაქსიმე აღმსარებელი განმარტავს რა გადატანითი მნიშვნელობით უფლის სამოსელს, იტყვის:ზეით გამოქსოვილი კვართი აღნიშნავს სათნოებათა ერთიან (მთლიან) წნულს და საღვთო მადლით მოქსოვილ კავშირს, რომელიც შიგნით ჩვენს გულისხმიერებას ფარავს, რომელსაც ჩვენი მცონარებისა და სიზარმაცის გამო ხშირად მკვლელი დემონები გვაკარგვინებენ, თუმცაღა ნებადართული არა აქვთ იმდენად დასერონ ჩვენი გულისხმიერება, რომ აღარ გვესმოდეს, რა არის სათნოება. ამგვარად, ჩვენ ყოველთვის ვხვდებით რაა სათნოება, ეს კია, არ ვსარგებლობთ მისი საფარველით. განყოფილი სამოსელი კი გარეგან საფარველს აღნიშნავს, რომელიც გრძნობისმიერი სიმდიდრისაგან შედგება, რაც ოთხ ამქვეყნიურ შედგენილობად განიყოფება, რომელთა მიმართ მიკერძოებასაც ეს კაცისმკვლელი დემონები შეგვაგონებენ. სხვა თვალსაზრისით ზეით გამოქსოვილ კვართში შეიძლება თითოეული ჩვენგანის ზეგარდამო შთაბერილი სული მოვიაზროთ – იგი უკერველია, რამდენადაც უბრალო და არართულია, არ განიყოფება, რამეთუ უკვდავია. სამოსელი კი სხეულს გამოხატავს, რომელიც გახწნის შედეგად ოთხ სტიქიად იყოფა. სამოსელიც ხომ ოთხ ნაწილად დაყო ოთხმა მხედარმა.

– მამაო, როგორ უნდა გვესმოდეს ის ისტორიული ფაქტი, რომ კვართი უფლისა სწორედ საქართველოში მოხვდა და არა სხვა ქვეყანაში, შემთხვევით ხომ არაფერი ხდება!

ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გვაძლევს ნიკოლაოს ქართლის კათალიკოსის თხზულებასაკითხავი სუეტისა ცხოველისა, კუართისა საუფლოისა და კათოლიკე ეკლესიისა, სადაც ვკითხულობთ:კუართსა მას ზედა უფლისა წილ იგდეს უღმრთოთა ურიათა ჯვარცმასა უფლისასა და განგებულებამან მიახვედრა (შეახვედრა – დეკანოზი ა.მ.) მცხეთელთა ურიათა... რამეთუ წინასწარვე განეგო სახიერსა მას (ღმერთსა) ამის სამეფოსა (ქართველთა) ერად საზეპუროდ შემზადებაი და ვინათგან ნაწილიცა იყო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, ამისთვის უფროსღა ღირს-იქმნა ამას საშინელსა მადლსა ესე კედარი. ამისთვისცა უკუე წინსაწარვე წარმოავლინა მადლი ღვთაებისა მისისა, რათა პირველადვე დაიწინდოს კუართითა მით და მადლითა ღვთაებისა მისისათა... და რათა დედასა მას ქალაქთასა (მცხეთას – დეკანოზი ა.მ.) საშუალ მდებარეობითა ვითარცა ცეცხლი მუცელსა შინა შთაგდებული მძაფრად უწყალოდ სცვიდეს სამოელსა (ეშმაკს – დეკანოზი ა.მ.).

მაშასადამე, კვართი უფლისა ესაა ქართველთა ერის ქრისტეზე დაწინდვის ნიშანი. ბეჭედი წინდობისა და იმავ დროს მისი საფარველი (წმიდა მამათა სწავლებით იგი საფარველია არა მარტო ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, არამედ მთელი სოფლისა და ყოვლისა ერისა) ეშმაკის წინააღმდეგ და ეს წყალობა ჩვენმა ერმა მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმშობლის წილხვდომილობის გამო მიიღო, ერმა, რომელიც გაქრისტიანებამდეუძვინვარესი და უველურესი იყო (საკითხავი სუეტისა ცხოველისა). როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, ჩვენს სხეულში ყველაზე ნაკლებ კეთილშობილ ორგანოებს ყველაზე მეტი მზრუნველობა სჭირდებათ და ასეთი ბარბაროსი ერიც იმიტომ მოექცა სერაბინ – ქერაბინებზე ზეაღმატებული ღვთის დედის მფარველობის ქვეშ.

რა თქმა უნდა, შემთხვევითი არც ისაა, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაული ჩვენმა ეკლესიამ სწორედ იმ დღეს დააწესა, როდესაც იდღესასწაულება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული. ამით ეკლესიამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ ღვთისმშობლის წმიდა ხელით ნაქსოვი საუფლო კვართის ივერთა ქვეყანაში წარმოგზავნა მისი მიზეზით მოიმოქმედა საღვთო განგებულებამ და რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია მაცხოვართან ერთად ჩვენი საფარველი.

– მამა არჩილ, თქვენ აგვიხსენით საუფლო კვართის სულიერი მნიშვნელობა, მაგრამ რას განასახიერებს სვეტი ცხოველი, სვეტი ნათლისა?

იგი განასახიერებს თვით მაცხოვარს, სხვა შემთხვევაში მის დასაჯდომელს, საყდარს, როგორც არაერთხელ უხილავთ ძველ მამებს საღვთო გამოცხადებებში. ამ გამოცხადებებში კი, ძე ღვთისა მათ ეჩვენებოდათ, როგორცძველი დღეთაი – მოხუცებულის სახით.

ვფიქრობ, ინტერესს მოკლებული არ იქნება მოვიგონოთ, თუ რა შეემთხვა სვეტიცხოველთან დაკავშირებით ჩვენს კეთილმსახურ მეფეს, წმიდა დავით აღმაშენებელს. ბოროტის შთაგონებით, იგი დაბრკოლდა სვეტი ცხოველის მიმართ და როდესაც ამ ტაძარში ლოცულობდა, სვეტსა ცხოველსა გვერდს უქცევდა ხოლმე, ამბობდა რა ხმამაღლა:რაი უწყი, თუ რა არს კონქსა ამას შინა (სვეტი ცხოველი მირიან და მისი ძის – რევის დროიდან შემოზღუდვილი იყო), ანუ რაისა თაყვანისვსცემო და ერთელაც, როცა ასევე მოიქცა, ღამით ძილში ხედავს ასეთ ჩვენებას: იხილა სვეტი ცხოველი და ამას სვეტსა ზედა მდგომარე იყო მოხუცებული ვინმესახედ ძველისა დღეთასა, რომლისაგანაც ისეთი ნათელი გამოკრთებოდა, რომ ადამიანს არ შეეძლო მისთვის შეეხედა. ამ ხილვით შეშინებულ დავით მეფეს ზევიდან ხმა მოესმა: დავით, დავით, არ უწყი, ვინ ვარ მე, აქა მჯდომარე?... ნუ ურწმუნოებ ჩემს მომართ, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, თავისი თავის სასჯელს მიიღებს. დავითმა შეშინებულმა გამოიღვიძა, ქვეშევრდომთა გაფრთხილების გარეშე, იმავ ღამით ცხენს მოახტა და სასწრაფოდ სვეტიცხოვლის ტაძრისაკენ გააგელვა. როდესაც ცისკრის ლოცვის დაწყებისას დავით მეფე მხლებლების გარეშე მიადგა ტაძარს, კათოლიკოსმა და მორწმუნე მრევლმა დიდად გაიოცა. მეფემ ყველას წინაშე მოინანია თავისი დაეჭვება და შემდეგ მუხლმოდრეკით თაყვანისცა სვეტსა ცხოველსა და ნათელსა. ამის გამგონე და მხილველი კათოლიკოსი ერითურთ ადიდებდნენ ღმერთსა და სუეტსა ცხოველსა და კვართსა საუფლოსა.

თქვენ იკითხეთ საუფლო კვართისა და სვეტი ცხოველის შესახებ, მაგრამ არ გიკითხავთ თვით იმ ეკლესიის თაობაზე, სადაც ეს სიწმიდეები ჰგიეს, მათ შორის კი იდუმალი კავშირი არსებობს.სამნი ესე სამებისა სიწმიდისა მსახვებელნი (გამომსახველნი – დეკანოზი ა.მ.) კათოლიკე (არა კათოლიკური, როგორც ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს უმეცრებით, არამედ კათოლიკე, ანუ საყოველთაო – დეკანოზი ა.მ.) ეკლესია. კუართი უფლისა და სვეტი ცხოველი საუნჯესა უკვდავმყოფელსა გვანაყოფიერებენ, მირონსა, ვითარცა ღვთივმყოფელსა და ნათელმყოფელსა გვიწყაროებენ (საკითავი სვეტისა ცხოველისა). მაშასადამე, უფლის კვართი, სვეტი ცხოველი და ეკლესია ესე ყოვლადწმიდა სამებას გამოსახავენ და უკვდავებას გვაზიარებენ.

დასაბამიდან ასეთი წესი და ჩვეულება ყოფილა ჩვენს ეკლესიაში: საკურთხეველად გამზადებული ეპისკოპოსები, უპირველეს ყოვლისა, მოვიდოდნენ ხოლმე სვეტი ცხოველის წინაშე და აღთქმას დებდნენმრავლისა სარწმუნოებისათვის და ერთგულებისათვის კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის და თავისა და სულისა დადებისათვის, ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, პატრიარქისათვის და საღმრთოთა წესთა დაცვისათვის და მხოლოდ ამის შემდეგღა დაასხამდნენ ხოლმე ხელს გამორჩეულ პირს ეპისკოპოსად.

ნიკოლოზ გულაბერისძე ასეთ შემთხვევას ჰყვება: ერთხელ ბურდუხან დედოფალმა იგი აიძულა აჩქარებით დაესხა ხელი ერთ-ერთი სასულიერო პირისათვის ეპისკოპოსად და ტრადიციისაგან განსხვავებით, ეს მოიმოქმედა არა სვეტიცხოველში. იმავე საღამოს ნიკოლოზს უფალი გამოეცხადა და უთხრა:მე ვიცი, რომ შენ ეს დედოფლის იძულებით გააკეთე, მორჩილება ჰყავ და ამჯერად მიპატიებია, მაგრამ შემდგომში თუ ეს განმეორდა, სასჯელს ვერ გადაურჩები. ამრიგად, სვეტიცხოველი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი დედა-ეკლესიაა საქართველოში.

იყო დრო, როცა მწვალებლობა ზეიმობდა რა მრავალ ქვეყანაში, ეპისკოპოსები ივერიაში ჩამოდიოდნენ და ჩვენს დედა-ეკლესიაში – სვეტიცხოველში იღებდნენ სამღვდელმთავრო ხელდასხმას, რამეთუ ჩვენთან მართლმადიდებლობა უბიწოდ და შეუგინებლად იყო დაცული. ასე, მაგალითად, ბიზანტიაში ხატმებრძოლობის მწვალებლობის მძვინვარების ჟამს, სვეტიცხოველში ეპიკოპოსად იკურთხა წმიდა მამა იოანე გუთელი.

– მამა არჩილ, როგორც ეკლესიის ისტორიიდან და არაერთი საისტორიო წყაროდან ჩანს, სვეტიცხოვლიდან საუკუნეების განმავლობაში მოედინებოდა სურნელოვანი მირონი, დღეს კი ეს სასწაული აღარ ხდება, რატომ?

საეკლესიო აზროვნებაში ორი განსხვავებული შეხედულება და ახსნა არსებობს. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს ნიშ-სასწაული ღმერთმა შეწყვიტა ჩვენში ურწმუნოებისა და უსჯულოების გამრავლების გამო. ამჟამინდელი ათეისტები ახმაურდებიან და იტყვიან, რომ ასეთი რამ საერთოდ არ ხდებოდა და ეს ყველაფერი ეკლესიამ შეთხზაო. მაგრამ, ჩემო კეთილო, აკი, დღესაც სდით წმიდა ხატებს სურნელოვანი მირონი, ცრემლი, სისხლი, რაც მეცნიერებისათვის აუხსნელია და რა არის იმაში საკვირველი, რომ ესოდენი სიწმიდე მირონმდინარე ყოფილიყო? გეტყვით, როგორც ერთ დროს თომას უთხრა უფალმა:ნუ იქნებინ ურწმუნო, არამედ გრწმენინ.

სხვა შეხედულებით კი, როგორც ქართველი ისტორიკოსი – პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს, ისეთმა უსჯულო ადამიანმა შეახო ხელი წმიდა კვართს, რომ მირონდენა შეწყდაო.

– ვის გულისხმობენ უსჯულო ადამიანში?

ქრისტიანთა და, განსაკუთრებით ქართველთა დაუძინებელ მტერს, შაჰ-აბას პირველს, რომელმაც თითქოს სვეტიცხოველი გადაათხრევინა, კვართი მოიძია და იგი რუსეთის მეფეს – მიხეილ თეოდორეს ძეს გაუგზავნა. რუსეთის ეკლესიაში დღემდე არსებობს დღესასწაული საუფლო კვართის დადებისა. სინამდვილეში კი შაჰ-აბასმა დიპლომატიური მოსაზრებით რუსთა მეფეს გაუგზავნა სამსჭვალი, ანუ ლურსმანი მაცხოვრის ჯვრისა და მისი ერთ-ერთი სამოსელი (მოსასხამი), რომელიც სხვადასახვა სიწმინდეებთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძრის სადიაკვნედან წაიღო, ხოლო უფლის კვართი მანაც ვერ მოიძია, როგორც მასზე ბევრად ადრე სხვა უსჯულო მეფემ – არმაზელმა (+103) ურიებთან ერთად,რამეთუ დაუბრმეს თვალნი მათნი, რათა ვერ ხედვიდენ სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა.

ჩვენი საინფორმაციო საშუალებებით ძალზე ხშირად ისმის ფრაზა:საქართველო გაბრწყინდება. ის იხმარება სრულიად უადგილოდ, მისი შინაარსის სათანადო გააზრების გარეშე, ზოგჯერ ირონიული ინტონაციითაც კი. მამაო, განგვიმარტეთ ამ სიტყვების ჭეშმარიტი არსი.

ივერიის გაბრწყინება სახარებისეული ნათლით მის გაცინკროვნებას ნიშნავს. ეს გულისხმობს ერის სულიერ აღორძინებას, ჩვენს ცხოვრებაში ეკლესიის ადგილისა და მნიშვნელობის ამაღლებას, როდესაც დღევანდელისაგან განსხვავებით, ჩვენი ერის შვილები იფიქრებენ არა იმაზე, თუ რამდენი შეჭამეს, არამედ იმაზე, თუ რამდენი ილოცეს თავიანთი შემოქმედი ღმერთის მიმართ. ყოველ ერს ხელისუფლებაც ისეთი ჰყავს, როგორსაც იმსახურებს და ის გაჭირვება – განსაცდელიც, რაც თავს დაატყდება ყოველთვის არის სავსებით კანონზომიერი რამ – რამდენად ჩაფლულია ცოდვებში სწორედ ამით იმსჯელებს ერი. როგორც წმიდა მამები ამბობენ, ეშმაკი ღვთის მაიმუნია და უნდა, თუ არა, მაინც მის ნებას ასრულებს. ჩვენს ქვეყანაზე თავს დატეხილი უბედურებანი თავისდაუნებურად ერის გამოფხიზლებას ემსახურებიან და ამ ტკივილებში ერი თავის მამა-პაპათა ღმერთს მოიძიებს.

საქართველოს გაბრწყინება უკვე დაიწყო, რამეთუ ჩვენმა შვილებმა მართლმადიდებელი ეკლესიისაკენ იქციეს პირი. ჩვენმა ეკლესიამ ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო პირველმა დატოვა. რომის პაპი, როგორც ჭეშმარიტებისაგან განდგომილი, საქართველოში ვიზიტისას სვეტიცხოვლის წმიდა ტაძრის საკურთხეველში არ იქნა შეშვებული – გაცხადდა, რომ საქართველო 20-ე საუკუნის დამლევს კვლავაც ერთგულია ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისა და მართლმადიდებლობისა, იმ რწმენისა, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მეოხებით 2000 წლის წინ ეზიარა და შეუბღალავად მოიტანა დღემდე.

არსებობს წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც საქართველოს გაბრწყინების ჟამს კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში იქადაგებს უფლისაგან ღვთისმშობლის შვილობილად კურთხეული, სიყვარულის მოციქული – იოანე ღვთისმეტყველი. ეს წინასწარმეტყველება თავად იოანე მახარებელმა გაუმჟღავნა საკუთარი მიცვალების დღესასწაულზე ღირს ლავრენტი ჩერნიგოველს.

საქართველოს სულიერი გაბრწყინების დამაგვირგვინებელი იქნება ივერიისად წოდებული ღვთისმშობლის ხატის ათონის მთიდან ივერიაში წამობრძანება, ვის სახელსაც ეს წმიდა ხატი საუკუნეებია, რაც ატარებს.

– ცნობილია, რომ თითოეულ ერს თავისი ჯვარი მიაქვს, თავისი მისია აქვს ღვთის წინაშე. თქვენი აზრით, როგორია ჩვენი ერის მისია?

უწინ ქართველებს უცხოელები მანდილის ქრისტიანებს უწოდებდნენ. იგულისხმება წმიდა დიდმოწამე გიორგის ცნობილი სასწაული, ბეირუთის მახლობლად ურჩხული რომ დაამარცხა და შესაჭმელად განწირული მეფის ასულის მანდილით შეკრული ამავე ქალწულის ხელით ქალაქში მოთვინიერებული რომ შეიყვანა. ესაა ღვთისა და წინაპართაგან ნაანდერძევი ჯვარი და მისია ქართველი ერისა, ესაა წმიდა გიორგის განსაკუთრებულად შემყვარებელი ერის დაუხსნელი აღთქმა: მარად ებრძოდეს და ღვთის ნიშით ამარცხებდეს ბოროტებას! დე, საუფლო კვართსა და სვეტიცხოველში ნააზრევი სიმბოლური მნიშვნელობანი გაესიგრძეგანებინოს ჩვენს ერს, შეეცნოს ჭეშმარიტება, რაც უფლის სიტყვისაებრ გაათავისუფლებს მას მონობისაგან. ჩვენმა ერმა უნდა დაიცვას ეკლესიის მთლიანობა (დღეს აგრერიგად გამრავლებულ სექტათა და სქიზმათა ოკეანეში) და მაცხოვრის ერთგული და მორწმუნე იყოს მარად.

იყავნ, იყავნ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, სვეტიცხოვლობა. 2000 წ.