და აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახლსა მისსა. რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა. და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ. და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან. და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით! და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი. და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჴმა-უყო: ყრმაო, აღდეგ! და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი. და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი. (ლუკა 8, 41-56)
სნეულება, კაცთა მოდგმის საშინელი მტერი, იმითაა საშინელი, რომ ადამიანურ სხეულს სტანჯავს, სთანგავს, აწამებს, უტყვად ჰფარავს არსებულ ვაებას. დასნეულებული ადამიანი ნათლად ხედავს, რომ თუ ტანჯვის მიზეზს მოძებნის და უვნებელყოფს, გამოჯანმრთელდება. თუმცა ძნელია მოძებნო ტანჯვის მიზეზი. თვით ყველაზე გამოცდილ ექიმს მხოლოდ გარეგანი მიზეზების მოძებნა ძალუძს, ხოლო შინაგანი მხარე, არსი დაფარული რჩება. ამიტომაც აშინებს ადამიანს ავადმყოფობა. ნებიესმიერ სნეულებას ძალუძს ხორციელი ძალების დაშრეტა და დაქანცვა ვიდრე სიკვდილამდე.
რამდენადაც იციან ყოველივე ეს მორწმუნე ადამიანებმა, ამდენად ავადმყოფობებში ისინი ზნეობრივ მიზეზებს სჭვრეტენ, რაც არ იკურნება არც ბალახეულით, არც ზეთებით, არც დიეტებით, არც რაიმე სხვა საშუალებით. მომაუძლურებელ მწუხარებაში ისინი და მათი მეგობრები სულთა და ხორცთა მკურნალის წინაშე აღავლენენ ლოცვებს და შვებისა და კურნების მიღებას იმედოვნებენ. ამას ავალებს მათ საღვთო სჯული. სახარების აწინდელი საკითხავი სწორედ ამ ზნეობის სამოძღვრო აზრით იწყება.
1. ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ჟამს იუდეველთა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი მდიდარი ადამიანი, რომელსაც ყველაზე თვალსაჩინო თანამდებობა ეკავა. ეს იყო იაიროსი. მართალია მას მაღალი საზოგადოებრივი ადგილი ეჭირა, მაგრამ ვაების ჟამს ამსოფლიური სიამაყე და ცრუ სირცხვილი დაივიწყა, უსახლკარო და უთავშესაფრო იესუსთან მოვიდა და სახლში გაყოლას მუხლმოდრეკით ევედრებოდა.
იაიროსის სახით სახარება ქრისტიანებს კეთილმისაბაძ მაგალითებს გვისახავს. როდესაც სული შენი სხვადასხვაგვარ ცდუნებებთან ბრძოლებში მოუძლურდება, უნუგეშო დღეებში, საათებსა და წუთებში ლოცვა-ვედრებით შეუვრდი იესუ ქრისტეს. წინაშე მისა, ვითარცა ზეციური მამისა, როგორადაც ყოვლისშემძლე შემოქმედისა, განჰფინე, ქრისტიანო, სევდა შენი და მას მიართვი სასტიკ უბედურებებსა და განსაცდელზე ჩივილი, რომელთა თავიდან აცილებაც შენ ვერ შესძელი!
სულმოკლე ადამიანი ამგვარი მდგომარეობის ჟამს ბოროტ მოწყენილობაში ვარდება და სასოწარკვეთილების უფსკრულისკენ მიექანება. თავის უძლურ მდგომარეობაში იგი წყევლა-კრულვას უგზავნის ბოროტ ბედისწერას, მტრებს, შემთხვევით გარემოებებს. ასეთი ადამიანი მწუხარებაში ჩავარდნილ პატიმარს ჰგავს, რომელსაც ხელში თავისი საკნის გასაღები უჭირავს და ნაცვლად იმისა, რომ კარი გახსნას და თავი გაითავისუფლოს, კიდევ უფრო ჰკეტავს მას და კარგავს თავის გამომხსნელ გასაღებს.
სხვა ადამიანები, უკიდურესად თავმოყვარენი (ეგოისტები), თვითდაჯერებულნი, თავსდამტყდარი განსაცდელის აცილებას ადამიანური მოსაზრებებით ლამობენ. საკუთარ ცხოვრებას ისინი წმინდად გარეგანი ურთიერთობებით ზომავენ. თუკი მათ აზრებსა და სიტყვებს მიაპყრობ ყურს, მაგალითად, ავადმყოფობები, ჭირი, უბედურება, სიღატაკე, ცხოვრებისეული წარუმეტებლობანი და დანაკარგი თურმე მხოლოდ უბრალო გაუფრთხილებლობის შედეგი ყოფილა... მათი აზრით, ადამიანები იმის გამო ავადდებიან, რომ თავს არ უვლიან. მცდარი ეკონომიკური გამოთვლების გამო ღატაკდებიან; იტანჯებიან არასწორი ნერვული წყობის მიზეზით და ა.შ. მაგრამ რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ, უმაღლესი და უცვალებელი (ღვთაებრივი) ნებელობის კანონი თავის საქმეს აკეთებს. კანონი ესე სნეულების სარეცელზე ცელავს ადამიანს, რომელიც კვებისა და კეთილდღეობის სრული მონდომებით აღიზარდებოდა; ღრმა სიბერემდე მიჰყავს რომელიღაც საბრალო ღატაკი, რომელიც სარდაფსა თუ საქათმეში იშვა და მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება ყინულის სქელ საფარველქვეშ მოხვედრილი თევზივით უბედურებებთან ბრძოლაში გაატარა!
ჩვენ ვიცით და ვხედავთ, როგორ მდიდრდებიან ადამიანები, რომელთაც თავიანთი ცხოვრება უსახსროდ დაიწყეს. ვხედავთ, როგორ საზარელ სიღატაკეში ხვდებიან ადამიანები, რომელთაც ცხოვრება, ყოველგვარი მიწიერი სიკეთეებით უზრუნველყოფილებს, თავდაპირველად მხოლოდ მხიარულებასა და ბედნიერებას ჰპირდებოდა.
ჭეშმარიტ ქრისტიანს იმავე მოვლენებზე სულ სხვაგვარი შეხედულება აქვს. იგი დარწმუნებულია, რომ ყოველივე სულისა და ხორცისათვის, ყველაფერი თხემით ფერხთამდის ღვთის ხელშია. თუკი უფალი არ კეთილინებებს, ყველაზე ნაყოფიერი ჯეჯილიც კი დაიღუპება. თუ უფალს არ ნებავს, მოუძლურდება და უკვალოდ დაიღუპება თვით ყველა სულიერი მონაცემი. ქრისტიანობა ადამიანს ურჩევს: უბედურების ჟამს მოწყენილობით არ ჩაჰქინდროს თავი და ბედნიერებისას წარმატებებით, მონაპოვართა და სხვა გარეგანი წარჩინებებით არ აღფრთოვანდეს. ქრისტიანობა გვარწმუნებს ყურადღებიანნი და გამჭრიახნი ვიყოთ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. დავუკვირდეთ და ყური მივუგდოთ მოვლენებსა და ცხოვრების პირობებს ჩვენს გარშემო. ვის არ უნახავს, ძირფესვიანად როგორ გლეჯს ქარიშხალი ვეებერთელა ხეს, მაშინ როცა სუსტი წვრილფოთოლა ლერწამი ქარიშხალსა თუ უამინდობას იტანს? ვინ არ გაუოცებია ფაქტს, რომ რომელიღაც ამა ქვეყნად ბედნიერი მოულოდნელად ამთავრებს სიცოცხლის დღეებს? მსგავსი დაკვირვებები მიგვანიშნებს, რომ არა ადამიანური აზროვნებით, არა ხრწნადი ხელებითაა შექმნილი და დამყარებული მსოფლიო ცხოვრება, რომლისთვისაც ჩვენ ბევრად უფრო უმნიშვნელონი ვართ, ვიდრე ზღვაში წვეთი, არამედ ყოვლისშემძლე ნება ღვთისა, - ხელი ღვთისა განრთხმული ჩვენზედა.
მაშასადამე, უბედურებათაგან თავდახსნას ადამიანი მხოლოდ ღმერთში უნდა ეძებდეს. უპირველეს ყოვლისა და უმეტესად, უბედურებაში ჩავარდნილმა ადამიანმა იესუ ქრისტეს უნდა მიჰმართოს.
2. იაიროსი, როგორც სახარება მოგვითხრობს, მუდარით მოუხმობდა სახლში იესუ ქრისტეს. ასევე უნდა მოიქცეს ქრისტიანიც. იგი უნდა ელოდებოდეს იესუ ქრისტეს, რომ ცთუნებებით დამძიმებულ გულში შევიდეს. გული ჩვენი, ტანჯვა-ვნების დროს, გატეხილსა და სიმებმოშლილ ინსტრუმენტს გვაგონებს, რომელსაც რაც არ უნდა ეცადო კი სწორ ბგერას ვერ ააღებინებ. რაც მეტად ცდილობ, მით უფრო ყალბი და ბუნდოვანი ხდება ბგერა. გულში სისავსისა და სისწორის აღდგენა ძალუძს მხოლოდ უმაღლეს ძალას. ამ ძალას ქრისტიანობა „მადლს“, ღვთიურ შემწეობას უწოდებს. იგი სულით ძლიერთაც ენიჭებათ და ყველაზე სუსტებსაც. მფარველი ანგელოსები, გამოცდათა სიმძიმით მოუძლურებულ ადამიანებს „მადლს“ ზეციდან მოუბოძებენ. ღვთის ანგელოსები ჩვენს მაცხოვარს უდაბნოში მას მერე გამოუჩნდნენ, რაც ეშმა ცთუნებებით თავს დაესხა. გეთსიმანიის ბაღში სულიერი მწუხარების ჟამს (სიკვდილისწინა ბრძოლებში) მაცხოვრისათვის ფიალა ღვთის ანგელოსს ეპყრა, საბრალო, დასნეულებულ და ყველასაგან მოძაგებულ იობს მოთმინების ღვაწლში ანგელოსი ღვთისა განამტკიცებდა... ამგვარი მაგალითები წმინდა წერილში ურიცხვია. მაცხოვარმა საკუთარი გულის ტაძარში მადლის მომწვევი ლოცვაც კი გვიჩვენა. იგი ძლიერ იურვოდა და ლოცულობდა, ლოცულობდა და იურვოდა... და მისი უწმინდესი გულიდან გარდამოდიოდა ვედრების უმაღლესი ბგერები: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევე მე“ (მათე 27, 46). პატიოსან ვნებულს, კაცსა-ქრისტიანსა, ეს ლოცვითი აღმოოხვრა არასოდეს დაურჩება უნაყოფოდ, – ზეციური გამოძახილის გარეშე.
3. ურწმუნო ადამიანი უბედურებაში შეწევნისათვის თავის მსგავს უძლურ ადამიანს დაუწყებს ძებნას. ბედნიერების ჟამს ჩვენთან იმაზე მეტი ადამიანი იყრის თავს, ვიდრე საჭიროა; უბედურება კი ჩვენგან უფრო სწრაფად ერეკება ადამიანებს, ვიდრე უამინდობაში ქუჩაში გამვლელებს ცივი სიბნელე. იესუ ქრისტე მორწმუნეთა, მწუხარეთა, სნეულთა, ყოველგვარ უბედურთა უეჭველი მეგობარია. ღატაკთან ღვიძლი ძმაა, მოტყუებულთან – უღალატო მეგობარი. იგი ადამიანს არც საპყრობილეში ტოვებს და არც მაშინ, როცა მხრებზე სიღატაკე დასწოლია. ერთი სიტყვით, არასდროს და არანაირ ვითარებაში, არც ამ სოფელში და არც მომავალ ცხოვრებში იგი არ დაგვტოვებს. „მახლობელნი ჩემნი შორს დასდგეს ჩემგან და ეძიებდეს სულსა ჩემსა“ (ფსალმუნი 37,12). მეგობრებმა, თვით მამამ და დედამ, დამტოვეს მე, ხოლო უფალმა არა დამიტევა მე, - აი, ნაფიქრალი ქრისტიანისა. შეგვაძლებინე, უფალო, ჩვენს გულებში ღრმად აღვიბეჭდოთ იგი. ამინ.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა