დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი

სიტყვა მენელსაცხებლეთა კვირიაკეს

მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდიხანია მოკვდა? და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი. ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს. ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ. (მარკოზი 15,43–16,8)

მადლობა უფალს! ფეხი შევდგით პასექის ბრწყინვალე დღეთა მესამე კვირაში, წმინდა მენელსაცხებლე დედათა სახელით რომაა აღბეჭდილი.

უფალმა აკურთხა სიცოცხლის სიხარული. ძველნი მამანი, ძმანო და დანო, ამ შვიდეულს მშვიდ სიხარულში ატარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მტრები ყოველთვის მზად იყვნენ, დევნითა და შევიწროებით გლოვად ექციათ ქრისტიანული დღესასწაულები, სიხარული კი – ჩივილად. მაგრამ ძველი ქრისტიანები მხოლოდ უფლით ხარობდნენ და ხარობდნენ უფლისათვის ტანჯვასა და წუხილში.

ჩვენ ვართ მემკვიდრენი იმა მართალთა მამათა და დედათა; ვისურვებდი, მაგალითად დაგვესახა მათი ხატება და ზედმიწევნით მიგვებაძა. მაშ, დავეკითხოთ ეკლესიის წმინდა მამებს რჩევა იმაზე, თუ როგორ მივიღოთ და შევინარჩუნოთ ქრისტიანული სიხარული. ქრისტიანმა რომ გულში სიხარული დაიმკვიდრო, აუცილებელია ზრუნვა შეუბღალავი სინიდისის შესანარჩუნებლად. თითოეულ ჩვენთაგანს, შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან იმსჯელოს, თუ რაგვარ სიხარულს ბადებს სულში სუფთა სინდისი. შეხედეთ სათნო ადამიანის სახეს. მის გამომეტყველებაში შეიგრძნობთ აუმღვრეველ (უღრუბლო), უფრო ხშირად კი – უწყინარსა და სერიოზულ-მდუმარე სიმშვიდეს. არც მწუხარებებს, არც ბოროტგანზრახულობებს, თვით უბედურებებსაც კი არ ძალუძს სუფთა სინდისის ადამიანისათვის სულის სიმშვიდის წართმევა. წმინდა იოანე ოქროპირთან ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: „როგორც ზღვის ფსკერში ჩაგდებული პატარა ნაპერწკალი ქრება მეყვსეულად, ასევე ყოველგვარი, თუნდაც უდიდესი, სევდა უმანკო სინდისთან კვეთებაში ადვილად იფანტება და ქრება“.

მაგრამ რამდენადაც ამ სოფელში გვიწევს ცხოვრება, იაკობ მოციქულის თქმით, „ფრიად ვსცთებით“ (იაკობ. 3, 2) და ყოველთვის არ ძალგვიძს სულში სიხარულის შენარჩუნება, მაგრამ გულმოწყალე უფალმა სულიერი სიხარულის შესანარჩუნებლად ახალი საშუალება გვიბოძა. ესაა მისადმი ლოცვა. „ითხოვდით – და მოგეცეს თქვენ, ირეკდით – და განგეღოთ თქვენ“, – ამბობს ქრისტე მაცხოვარი.

აი, თქვენ ჩივით, რომ სცოდეთ და სულის სიმშვიდე დაკარგეთ, წარგეტაცათ სულიერი სიხარული? – ეკითხება წმინდა დიმიტრი როსტოველი თავის მსმენელებს, – ნუ მოიწყენთ, არამედ იჩქარეთ უფალს მიმართოთ ლოცვით, და უფალიც დაგიბრუნებთ დაკარგულ სიხარულს. ლოცვით ყველაფერი, ყველაფერი შეიძლება გამოსთხოვო ღმერთს, ოღონდ სათხოვარი იყოს კეთილი და, ამავე დროს, შევვედროთ როგორც ჯერ-არს. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი გვისაბუთებს, რომ შეუძლებელია უხაროდეთ იმ ადამიანებს, რომელნიც არ ლოცულობენ. „მათი სიცილი ტირილზე საშინელია; მათი სიცილი – ან უგუნურებაა, ანდა – უზრუნველობა“.

მაშასადამე, სიხარული ნაყოფია სულიწმიდისა. ადამიანი სხვაგვარად ვერ მოიწვევს სულიწმიდის მადლს, თუ არა მხოლოდ თბილი, გულწრფელი და მდაბალი ლოცვით. როდესაც ვლოცულობთ, ნუგეშინისმცემელი სულიწმიდა ჩვენთანა არს თვისითა მადლითა.

სულში სიხარულის შენარჩუნებას ცხოვრებისეული ღვაწლის სწორად წარმართვა შეეწევა. წესრიგი – აი, ჩვენს ზნეობრივ ღირებულებათა საფუძველი. ადამიანი დღემუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის სინიდისს: ცხოვრებისათვის ბოძებულ დრო-ჟამს უსაქმურობაში, თავშეუკავებლობაში, გაფანტულობაში, სიზარმაცესა და სხვა მანკიერებებში ხომ არ კარგავს?

საკუთარი სიცოცხლის მოხმარებაში მკაცრი ანგარიშსწორების გარეშე შეუძლებელია სიხარული. წმინდა ბასილი დიდი იტყვის: „როგორც ქვაშებმული ჩიტი ვერ აფრინდება, ასევე უწესრიგობით გარშემოჯარული სულიც ვერ შესძლებს, გონებით მისწვდეს სულიერ მწვერვალებს, რამეთუ გული ჭაობის ლპობადი წყალივით მუდამ ხავსითა და მყრალი ანაორთქლითაა დაფარული“.

ყოველივეს გაცნობიერებისას, ვინც ისურვებს შეინარჩუნოს სულში ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მოგვრილი სიხარული, თავი თვისი დაიცვას მაცხოვრის რჩევისაებრ: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა“ (ლუკა 21, 34).

ქრისტიანულ ცხოვრებაში გამობრძმედილი მოღვაწენი სულიერი სიხარულის შენარჩუნების კიდევ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ, – ესაა თანაგრძნობა, თანალმობა და გულმოწყალება უპოვართა, გაჭირვებულთა და ურვეულთა მიმართ. რამდენი ადამიანია, ვისთვისაც არც კი დამდგარა ბრწყინვალე დღესასწაული, რომელთა თვალებიც მწარე ცრემლით ინამებოდა მაშინ, როცა თითქმის ყველა ქმნილება მკვდრეთით აღმდგარ უფალს შეჰხაროდა. ჩვენ ვიცით, რომ მრავალთა ჩვენთა ნაცნობთა მწუხარებანი, ნაკლულოვანებანი, სნეულებანი, ათასგვარი უსიამოვნებანი არა მხოლოდ არ აძლევდნენ მათ საშუალებას ნათელი დღესასწაულის მნიშვნელობა სრულად შეეგრძნოთ, არამედ, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო აღრმავებდნენ მათ სევდას. ყველასათვის ცნობილია, რომ მით უფრო მატულობს ადამიანის სულში ვაება, რაც უფრო მეტ სიხარულსა და ლხენაში ხედავს სხვებს. ვისაც ძმურად და მეგობრულად მოუნახულებია ხელმოკლეთა საცხოვრებლები, ვისაც გათოშილ-მოშიებული უსახლკარო ქვრივ-ობლები უნახავს, მან იცის, თუ რამდენად ამძიმებთ მათ დღესასწაულების დროს სადაგი მოთხოვნილებანი, იცის, ამ დღეებში განსაკუთრებით, როგორ გმირავს და ღრღნის მათ გულებს უნებლიე კაეშანი! ჩვენი დანი და ძმანი, რომლებიც ბედნიერებისაგან შორს არიან, გავახაროთ ძალისაებრ კეთილგონივრული, ფარული შეწევნით, სხვებისთვის უხილველი ქველმოქმედებით – აი, ჩემის აზრით, ქრისტიანისათვის საუკეთესო ნუგეშინის-ცემა. ის, ვინც დარწმუნებულია ჭეშმარიტებაში, რომ „გლახაკის შეწევნით ღმერთს ავასხებს“, – შეუძლებელია დედამიწაზე იმაზე მეტი სიხარული და აღფრთოვანება, ვიდრე ის, რომ მევალედ თავად უფალი ჰყავდეს. ოღონდ აქაც ფასეული ერთი პირობაა, რომელსაც სიხარული მოაქვს: დაე, ჩვენი შეწევნა კაცთათვის დაფარული დარჩეს, – იმდენად დაფარული, რომ აქ, დედამიწაზე, თუნდაც გულგრილი და ძუნწი ადამიანის სახელი გვქონდეს... ამ ქვეყნისა და კაცთათვის დაფარული მოწყალების შესახებ, ქრისტეს უკანასკნელ სამსჯავროზე, ჩემი მფარველი ანგელოსი არ დაივიწყებს, თვით ჭიქა წყალსაც კი, რომელიც ოდესმე მიმიწოდებია მწყურვალთათვის!

ლოცვა-ვჰყოთ, რათა ჩვენი მიწიერი ცხოვრება ჩვენთვის და ჩვენი მოყვასისთვის სიხარულად იქცეს და სინანულად მტერთათვის, რომელთაც არ უყვართ სიმართლე, არ უფრთხილდებიან თავიანთ სინდისს, შურიანები და შეუბრალებელნი არიან. ღმერთმა ქნას, რათა თითოეულ ჩვენთაგანს რაც შეიძლება ხშირად ეთქვას საკუთარი თავისთვის, ძილისაგან აღდგომისა და ძილად მისვლის ჟამს: „დღეჲ ესე ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა“ (წმიდა პასექის ტროპარი). ამინ!

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა