„აქ რა გინდა, ელია?“
(3 მეფეთა 19, 9)
იმხანად ილია გამოქვაბულში იმალებოდა. კარმილის მთაზე აღსრულებული დიდი ღვაწლის შემდგომ, იგი დაიქანცა; მისი ძლიერი სული დროებით მჭმუნვარებამ მოიცვა, ლამის სიკვდილს ითხოვდა. მაგრამ უფალმა წამოაყენა, გაამხნევა, მოაღონიერა საჭმლით და ქორიბის მთაზე გაგზავნა, საითკენაც მთელი ორმოცი დღე და ღამე მიდიოდა. მიაღწია რა მწვერვალს, გამოქვაბულში დაიმალა, და იქ მის ყურს მისწვდა ზეციური ხმა, რომელიც ეკითხებოდა: „აქ რა გინდა ელია?“
ილია დრტვინავს უფლის წინაშე თავის იმედგაცრუებაზე, თავის მარტოობასა და წუხილზე. იღწვოდა, ღვთის დიდებისათვის მოშურნეობდა, ძალას არ იშურებდა, და რა? სდევნიან მას, მარტო დარჩა და წინ მხოლოდ ღვთის დანგრეულ სამსხვერპლოებს ხედავს, ზიზღს მისი წინასწარმეტყველების მიმართ და ხალხის განდგომას. რითი ანუგეშებს მას უფალი? მოწოდებით ახალი მსახურებისა და მორჩილებისაკენ. ჩივილის ნაცვლად - საქმეზე! გარე მიაქციე თვალი შენგან და, ერთი შეხედვით, წარუმატებელი საქმისა და ხალხის ორგულებისაგან. ზე აიხედე, მისკენ, ვინც მიიღო და განწმიდა შენი გულწრფელი ღვაწლი და ახლა გამხნევებს, გაძლევს რა ახალ დავალებას და გაჩვენებს რა იმას, რაც წუხილის ღრუბლებმა დაჰფარა შენგან. შენ ფიქრობ, რომ მარტო ხარ, - შეხედე, 7000 ერთგული სული მყავს ისრაელში; მათ მუხლი არ მოუდრეკიათ კერპების წინაშე; მე ვიცი მათ შესახებ, ვაფასებ მათ და მსურს, შენც შეიტყო.
ილიამ მითითებულ მსახურებას მიმართა; მალე ზეციურმა გრიგალმა იგი ღმერთთან აღიტაცა, მაგრამ არა იმაზე უადრეს, ვიდრე მხნედ და გულსმოდგინედ აღასრულებდა მისთვის განსაზღვრულ საქმეს. ღმერთს არ მიუცია ჩივილისთვის დასაკარგი დრო: მან იგი მსახურებისთვის წარგზავნა.
შენ კი რას აკეთებ აქ? მოწყენილობას ეძლევი, ეგებ, დრტვინავ, ირგვლივ იყურები და საკუთარ თავს მიშტერებიხარ, უჩივი შენს მდგომარეობას და თვალსაც კი არ მიაპყრობ უფალს, რომელსაც შენი ყოველი ნაბიჯი დათვლილი აქვს. მას სურს და ძალუძს თვით ყველაზე უფრო მძიმე და უიმედო შენდა სასარგებლოდ და თავისი დიდებისთვის გარდაქმნას და შენც ასევე გეუბნება: „აღსდექ და ვიდოდე“.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.