„უთხრა მოსეს: ადით უფალთან შენ და აარონი“
(გამოსვლა 24, 1)
„აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა“, - ამბობს ფსალმუნთმგალობელი, - ეს ნამდვილად პასუხია მოწოდებაზე „ადი უფალთან“. ხოლო თვალებს დე მიჰყვნენ სულიცა და სიცოცხლეც მისკენ, ღვთის ხელს ჩაკიდებულნი, რომელიც ქვევით გამოუწვდენია, რათა აიყვანოს და დაიახლოვოს.
შეუძლებელია თავისთავად გათავისუფლდე ცოდვისა და დამრთგუნველ ხორცთაგან, და ცთუნება-განსაცდელთა ციცაბო ბილიკებს აუყვე ცისკენ. მაგრამ ხელიხელ ჩაკიდებული მასთან, ვინც გაგვიხსნა და გაგვიკვალა გზა, სული ზევით წარემართება და საბაბი და დაბრკოლება დაცემისათვის, აღმასვლის საფეხურებად იქცევა. ცოდვა და ხორცი ფეხით ითრგუნება, მარცხდება და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ და ზევით მივიწევთ. იაკობს ცხოვრება კიბის სახით წარმოუდგა, რომელზეც ანგელოსები ვიდოდნენ; ცხოვრებაჲ ესე ჩვენი - აგრეთვე კიბეა, რომლის უმდაბლეს საფეხურზეც ძე ღმრთისა გარდამოხდა, რათა აღვეყვანეთ და მივეყვანეთ ჩვენ ღმერთთან, ზოგჯერ ეკლიანი ბილიკითაც, გარნა კურთხეულით, რამეთუ მასზე - მისი ნაკვალევია.
„შენთან ახლოს, უფალო, შენთან ახლოს,
თუნდ რომ ჯვრით მომიწიოს აღმოსვლა“.
ერთი მომაკვდავი ყრმა საბრალოდ ითხოვდა: „ამწიეთ ზევით, ზევით“. მამამ ხელში აიყვანა და ზევით ასწია, მაგრამ ბავშვი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე სლუკუნით ივედრებოდა: „ზევით, ზევით!“ მიწიერი მამის მოცახცახე ხელიდან მიიღო იგი მოყვარული ზეციური მამის მკლავებმა. მის საფლავზე სახელის გვერდით ამოკვეთეს სიტყვები: „აწიეთ ზევით!“
ყველა ჩვენთაგანს თავისთან, ზევით, ახლოს უხმობს უფალი და სურს მიწიერიდან ზეციურამდე აღგვამაღლოს.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.