მე არასოდეს მოვკვდები

„და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი,
არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე?“

ჰე, უფალო, მრწამს და არასოდეს მოვკვდები. როდესაც სული ჩემი ჩემს სხეულს გაეყრება, ეს იქნება მხოლოდ მსგავსება სიკვდილისა, რამეთუ სული ჩემი არასოდეს განშორდება ღმერთს. და იგი უკვე აღარ იქნება სიკვდილი, რომლისგანაც მიხსნა ჩვენ ქრისტემან, გამოგვტაცა რა ცოდვისაგან შობილ უბოროტეს მტერს. „უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს, - სიკუდილი“ (1 კორ. 15, 26). ამის ჩვენ მტკიცედ და ურყევად გვწამს, რამეთუ ვინ „შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა?“ (რომ. 8, 39).

ჩვენ ქრისტეს სხეულის ასონი ვართ, მას ვეკუთვნით, საუკუნოდ შევუნაწევრდით ქრისტეს და იგი ჩვენ ხელიდან არ გაგვიშვებს. როგორ შეიძლება მოვკვდეთ, თუკი სული ღვთისა ჰგიეს ჩვენ შორის? შეუძლებელია ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე განშორდეს მას, წყაროს სიცოცხლისას. თავად ქრისტეა სიცოცხლე ჩვენი და იგი ღვთის მიერ ჩვენთვის იქმნა არა მარტო „გამოსხნა, არამედ სიმართლე“, რათა ჩვენ, ცოდვისგან განწმენდილნი, გავმხდარიყავით იმ ზეციური სასუფევლის ღირსნი, სადაც ვერ შევალს ვერაფერი არაწმინდა (1 კორ. 1, 30). ვუმზერთ რა მას, წინ მივემართებით იმ ურყევი რწმენით, რომ შეუძლებელია დაიღუპონ ჩვენი სულები, კვდებიან რა ცოდვისთვის ქრისტეს წმიდა სისხლით, მის მიერვე განცოცხლდებიან საუკუნო ცხოვრებისათვის, სამარადისო ნეტარებისთვის.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.