„ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს...
და კურთხეულ იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა“
(დაბადება 12, 3)
ჰოჲ, რამდენ ადამიანს სურს ჩვენ შორის, ზეგარდმო კურთხევის მიღება, მაგრამ, არსებითად, ისინი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ! მათ არ ესმით, რომ უმაღლესი, უღრმესი, ერთი მხოლოდ ნამდვილი სიკეთე ისაა, რომ სხვებისთვის იცოცხლო, ემსახურო მათ, უწილადო ის, რაც თავად მივიღეთ.
ამ ერთშია - ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი, ამ ერთშია - თავისუფლება. მხოლოდ უფლისგან კურთხეულნი შეიძლება იყვნენ სხვებისთვის მაკურთხეველნი. გსურს მიიღო აბრაამის კურთხევა? მიჰყევი უფალს - მიეცი ყოველივე. დაემორჩილე უფალს, მიანებე მას ყველაფერი და ყოველი, და შენ ცოცხალი წყლის წყაროსთვალად იქცევი. გსურს ახლობელთათვის მაკურთხეველი იყო? ნება მიეცი გადაგრგონ სხვა ნიადაგზე. თუკი შენ ქრისტეს შეერთებულხარ, თანაჯვარცმულხარ, მის სასუფეველში გაგიდგამს ფესვები, მაშინ შენ მისი კურთხევის მატარებელი ხარ. მხოლოდ ქრისტიანთ ძალუძთ შეწევნის ხელი გაუწვდინონ გზაზე შემდგარ ძმებს.
„ვაკურთხებ შენს მაკურთხეველთ“, - ამბობს უფალი. იგი სიკეთით შემოზღუდავს აბრაამს, მას თავის ბეჭედს დაადებს. მას, ვისაც თვისი გული უფალში განუმტკიცებია, ვინც უფალს თავის წმინდა საფარველქვეშ შეუფარებია, ნუ შეაშინებს ნურც ეშმაკის მანქანება, ნურც ადამიანისა, რამეთუ მას „ყველაფერი შეეწევა სასიკეთოდ“ (რომ. 8, 28). იგი, - წყარო წყლისა ცხოველისა, - ჩვენში ყოველსავე ნაკლულევანს აღავსებს. ის მოგვცემს ჩვენ რწმენას, იმედს, მოთმინებასა და ძალას, რათა წინ ვიარებოდეთ რწმენით და არა მეცნიერებით.
მაშ, ურყევად მივენდოთ უფალს. იგი, რა თქმა უნდა, არ დაგვტოვებს წყვდიადში და გზას გაგვინათებს ზეციური სინათლით „რომელიც დილის ნათელივითაა: უფრო და უფრო ნათდება დღის დადგომამდე“ (იგავნი 4, 18).
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.