ჭეშმარიტება განგვათავისუფლებს ჩვენ

„გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ“
(ფსალ. 118, 32, 45)

როდესაც გული ფართეა, ადვილია ღვთის სჯულს დაემორჩილო, ხოლო როდესაც მორჩილებას ასრულებ, ამით გული ფართოვდება. აქ არაა წინააღმდეგობა, ამაში თითოეული საკუთარი გამოცდილებით ადვილად დარწმუნდება. ღვთის ნების აღსრულებით შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ. მისთა მცნებათა დაცვით მის სიყვარულში იქნებით, ხოლო იქნებით რა მასში, ნაყოფსა მრავალსა გამოიღებთ (იოანე 8, 15).

კარგია, როდესაც გული ფართეა, ასე არ არის? იმის ნაცვლად, რომ ჩაიკეტო და უნაყოფო სინანულით იტანჯებოდე, როდესაც გული ფართეა, თავისუფლად სუნთქავ, ჭეშმარიტების გზით იარები, არ იღლები ნათლად მჭვრეტელი შენს წინ მიზნისა. მაგრამ დედამიწაზე არავის ძალუძს ჩემი გული გააფართოვოს. თუნდაც გამხადოს უზარმაზარი სამეფოს ხელისუფალი. რამდენიც არ უნდა ვიძახო: „მე თავისუფალი ვარ“, ჩემი გული მაინც ცოდვის ტყვეა და მონად დარჩება, ვიდრე უფალი არ გააფართოვებს და არ გაათავისუფლებს ცოდვისა და ცთუნებისაგან.

ბუნებით ჩვენ მონები ვართ, მაგრამ უფალმა თავისი მოწყალებით თავისუფლება მოგვანიჭა. გამოგვისყიდა რა თავისი სისხლის საფასურად, გვიბრძანა, რწმენით შევეხოთ იესუ ქრისტეს მაცხოვნებელ ჯვარს და გვითხრა: „თავისუფალი ხარ“. გსმენია შენ ეს ხმა? ნუთუ არ გიგრძვნია, როგორ დაგცვივდა ბორკილები და გული შენი გაფართოვდა? ძვრაც კი არ შეგეძლო, ახლა კი ძალგიძს და მოვალეც ხარ მისდიო შინაგან სწრაფვას. შესაძლებელი, ადვილი, სასიხარულო გახდა შენთვის მორჩილება. ვეებერთელა სივრცე გადაშლილა შენს წინ, და შენს თავში ჰპოვებ ძალას გადააბიჯო მას, რადგანაც თავისუფლად და გადარჩენილად გრძნობ თავს. შენ შეგიძლია აღასრულო შენი საქმე, რამეთუ შენში უკვე აღსრულდა საქმე უფლისა შენისა, და შენ უკვე გამოსცადე ამ სიტყვების ჭეშმარიტება: „უკუეთუ ძემან განგანთავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ“ (იოანე 8, 36).

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.