როგორი ჩრდილი ეცემა ჩემგან?

„პეტრესა აჩრდილი ოდენ“
(საქმე 5, 15)

მოციქულთა დროს ადამიანები თავიანთი გაჭირვებებით იჩქაროდნენ მათკენ და მოჰყავდათ ავადმყოფები და განრღვეულები, რათა თუნდაც პეტრეს ჩრდილი დასცემოდათ მათ, დარწმუნებულები იყვნენ რა, რომ აჩრდილი ესე მათ კურნებასა და სიცოცხლეს მოუტანდა. ყოველ ჩვენთაგანს, მივუყვებით რა ცხოვრების გზას, მოგვყვება ჩრდილი. ჩვენი ცხოვრება თავისთავად აისახება ირგვლივ მყოფებზე, და ჩვენ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ, რომ ამ ანარეკლმა სარგებლობა მოიტანოს, შვება და კურნება. ჩვენი გავლენა მოყვასზე არამარტო გაცნობიერებულად მოქმედებს, არამედ გაუცნობიერებლად და შეუმჩნევლადაც. რაღაც მოუხელთებელი იფრქვევა ჩვენს გარშემო მთელი ჩვენი არსებიდან, როგორც ყვავილთა მსუბუქი კეთილსურნელება, შეუმჩნევლად რომ გაუჟღინთავს ჰაერი. ჩვენი საქმიანობა შეიძლება შეწყდეს, მაგრამ ამით სიცოცხლე არ წყდება, და ერთი მხოლოდ ჩვენი არსებობით ჩვენ შევეწევით ან ხელს ვუშლით სხვის არსებობას. ადამიანური ნაკლოვანებანი და თვისებები გადამდებია და ჩვენგან გაუცნობიერებლადაც კი შეუძლიათ ზემოქმედება გარემოზე. დღესაც ეს გავლენა კეთილსაიმედოა, მთის ჰაერის მაცოცხლებელ მობერვას გვაგონებს, რომელსაც ამდენისთვის მოაქვს ჯანმრთელობა და ძალა.

ყოველდღიურად, ჩემგან ჩემს ირგვლივ როგორი აჩრდილი ეცემა? როგორც შხამიანი, სიკვდილისმომტანი გველი მოქმედებს იგი, თუ როგორც სიცოცხლის ხეს, კურნებისმომნიჭებელი ნაყოფი გამოაქვს? თუ შეუძლია ჩემგან დაცემულ ჩრდილს დაიფაროს შეჭირვებათაგან ურიცხვი მაშვრალი და ტვირთმძიმე, რომელნიც ყველგან გვხვდებიან? ჩემთან შემთხვევითი შეხვედრის შემდგომ, ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ განაგრძობს იგი ერთგვარ გამხნევებას? როდესაც ჩვენ თავად, ღვთის სულის ზემოქმედებით, ვაფრქვევთ სიყვარულს, თანარგძნობასა და მშვიდობას, მაშინ თითოეულ ჩვენს სიტყვას, ნებისმიერ ჩვენს გამოხედვას ძალუძს ჩვენს მოყვასში განწყობილების ამაღლება, გადასცემს რა მათ იმას, რასაც ჩვენი სული მათთვის გვაძლევს. ასე რომ, ზოგიერთი ადამიანის ჩრდილიც კი კეთილისმყოფელად მოქმედებს. ნუთუ ასეთია ჩემი ჩრდილი?

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.