„უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა,
უკუეთუ წმიდათა ფერხნი
დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია,
უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა“
(1ტიმოთესადმი 5, 10)
ამგვარნი იყვნენ დიაკონისები პირველ საუკუნეებში; ერთგულნი, გულსმოდგინენი, შემწენი ყოველგვარ გასაჭირში, დაუღალავნი, გამსჭვალულნი ერთი აზრით, ერთი სწრაფვით - ყველაფერი ღვთის სადიდებლად ეკეთებინათ.
„დე, ყველაფერს სიყვარულით იქმოდეთ“ - ამბობს მოციქული პავლე. რას შეეძლო შთაეგონებინა ასეთი დედაკაცისთვის აღესრულებინა მოწყალების საქმენი, რას შეეძლო თავგანწირვის სიმაღლეზე ასულიყო, თუ არა სიყვარულს, შემძლებელს გაეთბო, განეცხოველებინა და ყველა და ყველაფერი ირგვლივ გაენათებინა. უგულვებელსყოფდა რა საკუთარ თავს, ღმერთს ეწირებოდა, ხოლო მასში კი - მოყვასს.
ესევითარი მსახურება ჩვენც ხელგვეწიფება. უფალმა, რომელიც კაცთა შორის იყო ვითარცა „მსახური“, თავის მოწაფეებს ასწავლა მსახურება. ასევეა ახლაც: მისი ჭეშმარიტი მოწაფეებისთვის მთელი ცხოვრება ერთიანი მსახურებაა; ისინი „ადგილიდან ადგილზე გადადიან, მოქმედნი სიკეთისანი“, მომხსენებელნი, რომ „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა“ (საქმე 20, 35). და როდესაც ასეთი სული მარადისობაში გადავა, „საქმე მისი შეუდგეს მის თანა“ (გამოცხ. 14, 13). დიახ, სიკეთე არ კვდება, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს; იგი მას შემდეგაც დიდხანს გვინათებს, რაც ჩვენთვის ძვირფასი არსება განგვეშორება; უსაზღვროა მისი გავლენა და თვით სიკვდილსაც არ ძალუძს მისი მოსპობა, იგი ზეციურისკენ გვიზიდავს.
მოკაშკაშე ვარსკვლავი მართალია გაუჩინარდა ჩვენი ცარგვალიდან, მაგრამ არასოდეს ჩაქრება. ღვთის წინაშე ყოველგვარი კეთილი სიტყვა, ნებისმიერი ცდა გაამხნევო და ანუგეშო უბედური, თითოეული კეთილი რჩევა, დროულად მიცემული და ჭეშმარიტი სიყვარულის ერთიანი წყაროსთვალიდან აღმოვსებული, შემორჩება. კვლავაც და კვლავაც გვხვდება თავად ჩვენზე და სხვა ადამიანებზეც მათი მადლიანი გავლენის კვალი, ვინც ჩვენგან წასულა, ისინი ჩვენთვის განსაკუთრებულად ცოცხალნი ხდებიან და ჩვენ სიხარულითა და მადლიერებით შევიცნობთ, რომ „ხილული ეს საწუთრო არს, ხოლო არა-ხილული იგი - საუკუნო“ (2 კორ. 4, 18).
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.