უფალი მოგვიკლავს ყოველგვარ წყურვილს

„ასე ამბობს უფალი შენი შემქმნელი და დედის საშოში
შენი გამომსახველი... ნუ გეშინია... რადგან წყალს მივუღვრი
ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას“
(ესაია 44, 2-3)

მან უწყის ყოველი ჩვენი საჭიროება, რამეთუ შეგვქმნა ხელითა თჳსითა, გამოგვსახა, როგორც მექოთნე თიხისაგან გამოსახავს ყოველივეს, რაც სურს. შემქმნელი, უეჭველად, განამტკიცებს თავის ქმნილებას. „ნუ გეშინია, რამეთუ მე მივუღვრი წყლებსა და ნაკადულებს ყველგან“, - აი, რას გვეუბნება. სადაც წყურვილია, იქ ცოცხალი წყლის წყაროსთვალები იქნება. ჩვენ ყოველწუთიერად გვწყურის მისი ჩვენთან ყოფნა, მშვიდობა მისი, ცხონება მისი, და იგი აღგვითქვამს ნაკადულებს!

„სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი“ (ფსალ. 104, 40). ერთსა მხოლოსა უფალსა ძალუძს ეს. მძიმე ცხოვრებისეული გზა - ხშირად გამომშრალი, უნაყოფო უდაბნოა, რომელიც გვართმევს ძალებს. უბედურება ყოველთვის როდი გვხდის ლმობიერს, არამედ ხშირად ჩვენს სულს ასასტიკებს; მაგრამ როდესაც უფალი განართხავს თავის ხელს ჩვენს უბედურებაზე, როდესაც იგი შეგვეხება ჩვენს გასასტიკებულ გულზე, მაშინ და მხოლოდ მაშინ, გადმოედინება ჩვენზე სამკურნალო ნაკადულები ცოცხალი წყლისა, მომრწყველი ყოველი გამომხმარი, უნაყოფო ადგილისა.

და თუნდაც ჩვენი ზნეობრივი ძალები იმდენად გამოფიტული იყოს, რომ ჩვენ ვერც კი ვგრძნობდეთ წყურვილს, ვერწმუნოთ მას, რომ ჩვენ მიწა ვართ გამომშრალი, ციურ ნამს რომ საჭიროებს და შევთხოვოთ, წარმოგვიგზავნოს წყლების ნიაღვრები, რათა დააურწყოს და გამოაცოცხლოს უდაბნო. იგი შეგვიმსუბუქებს, ჩვენს ნაკლულოვანებას უფრო მეტი სიუხვით აღავსებს, ვიდრე ჩვენ ამას წარმოვიდგენთ, და მოგვიკლავს ყოველგვარ სულიერ წყურვილს.

წმიდა წერილში ნათქვამია: „და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოვრებისაჲ ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა“ (გამოცხ. 22, 1). ვიდრე ეს მდინარე დის, ყოველ მწყურვალს შეუძლია დაეწაფოს და დალიოს, რამდენიც სურს, რამეთუ: „ღუარი საშვებელისა შენისა ასვა მათ“ (ფსალ. 35, 9). უსასრულო სიხარულთა სისავსე გველის ჩვენ, როდესაც ყოველგვარი მიწიერი მწუხარება გადაივლის და როცა უფალი განმზადებულებს გვნახავს ვიგემოთ ზეციური ნეტარება, რომელიც მან განგვიმზადა ჩვენ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.