„ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა
და გემოთაგან ამის სოფლისათა
ვლენედ და შეაშთვიან
და არა ნაყოფიერ იქმნიან“
(ლუკა 8, 14)
ამგვარად აღწერს მაცხოვარი მათ, ვინც უშვებს, რომ ეკლით ჩაახშონ ღვთის სიტყვა. თესლი დაფესვიანდა, გარეთ გამოაღწია, რაღაც სიმაღლესაც კი მიაღწია, მაგრამ დაითრგუნა საერო ზემოქმედებით და ნაყოფი არ მოისხა. აქ ნიშანდობლივი სიტყვაა - „ვლენედ“. ისინი უკან ბრუნდებიან, და კვლავ ყოფითი ამაოების წყალვარდნილში ხვდებიან და ამ მორევში არანაირი ადგილი აღარ რჩება ამაღლებული გრძნობებისთვის. ამ ნიადაგზე ღვთის სიტყვას ზრდა და მატება არ ძალუძს. ყოფითი ხშირად სულიერს აფერხებს.
ღვთის სიტყვის ზეგავლენა ქარწყლდება ხორციელი ტკბობით, ამსოფლიურ თავშექცევათა და სიამოვნებათა მიმართ ლტოლვით. შეუძლებელია ერთდროულად ღვთის სასუფეველსაც ეძლეოდე და მიწიერ მეფობასაც. ვიდრე ჩვენ „ვზრუნავთ და ვშფოთავთ მრავლისათჳს“ (ლუკა 10, 41-42), გარდაუვალად ვივიწყებთ, რომ „აქ ერთისაჲ არს სახმარ“.
ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ზოგჯერ შიშობენ იცხოვრონ ქრისტიანულად, ფიქრობენ რა, რომ იგი მათ ყოველგვარ სიხარულს დააკარგვინებს და მკაცრსა და უფერულ გზას შეუყენებს. რა მცდარი წარმოდგენაა, რომელიც მრავალთ განაწყობს შეჩერდნენ შუა გზაზე. „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი“ (ფსალ. 33, 9), - ამბობს წმინდა წერილი. და ყველა, ვინც კი ეს განიცადა, დარწმუნდა, რომ ვერანაირი მიწიერი სიამ-ტკბილობანი ვერ შეედრებიან იმ სიხარულის სიუხვესა და იმ მშვიდობის სიღრმეს, სიცოცხლის იმ სისავსეს, რომელსაც უფალი თავის მოყვარულებს ანიჭებს.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.