ფესვს ნუ მოწყდები

„იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს,
და თქუენდა კრულება არს“
(ფილიპ. 3, 1)

პავლე მოციქულს, დარწმუნებულს, რომ გამეორება სასარგებლოა, არ ამძიმებს ერთი და იგივე დარიგების შეგონება მათთვის, ვის მიმართაცაა. ადამიანები ეძებენ და უყვართ ყოველივე ახალი. მოხუცები ამაოდ სთავაზობენ ახალგაზრდებს იმ წიგნებს, რომლითაც სიჭაბუკეში თავად საზრდოობდნენ. ახალგაზრდები მით არ კმაყოფილდებიან, და ამიტომაც ახლავს აღზრდას ამდენი სირთულე. ბავშვს ბეზრდება გამუდმებით ერთი და იგივეს გამეორება; არ შეუთვისებია რა ანბანი, ჩქარობს მისთვის მიუწვდომელ მეცნიერებებს გაეცნოს.

ასევეა სულიერ სამყაროშიც და არაერთხელ გვსმენია ჩივილი, რომ ქადაგებებში ერთსა და იმავეს გვიმეორებენო. მაგრამ ნუთუ დასაშვებია, რომ მქადაგებლებმა სიახლისთვის მიატოვონ ერთი მხოლოჲ სახმარი, ერთი უცვალებელი და საუკუნო?

ჭეშმარიტება ერთია, როგორადაც ერთია ღმერთი და ერთი გამოხსნა. აი, რატომ არ შეიძლება ქრისტიანისთვის დამამძიმებელი იყოს ღვთის სიტყვის კითხვა და ხელახლა წაკითხვა. წმიდა წერილის გამუდმებულ კითხვაში მკითხველს გააოგნებს ის, რაც თავიდან შეუმჩნეველი დარჩა. ჩვენი უსურვილობა, წავიკითხოთ ერთი და იგივე, განა იმ ჭეშმარიტებისადმი ჩვენი გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულების ნიშანი არაა, რომელიც ჩვენს ცხონებაზე გვამცნობს და საუკუნო ნეტარებას გვპირდება? სიახლის სურვილს, ჩვეულებისაებრ, საკუთარ გზებზე მიმოხეტიალი მოსდევს ხოლმე.

საუკუნო ფესვს მოწყვეტილი ადამიანი აქეთ-იქით ეხეთქება. ის ძალიან მალე აცდება გზას და ვერ პოულობს რა ნიადაგს, ან უფრო მეტ ქარაფშუტობასა და სიცარიელეს ეძლევა, ან ყველაფერზე გული უცრუვდება და მწარდება. დასაბამიდან ადამიანისთვის ერთი ღვთიური გზა იყო გაკვალული, ის გზა, რომელზედაც თავმოყრილია უფლის ყველა კურთხევა, რომელიც მასთან ერთად მიდის და რომელსაც პირდაპირ ზეცაში მიჰყავს. გზაჲ ესე ძველია, და იმავ დროს მარად „ახალი და ცხოველი“ (ებრ. 10,8). ეს გზა მტკიცეა, რამეთუ საფუძველი მისი, დასაბამიდან დასასრულამდე, ღვთის სიტყვაა; ამასთან, ესაა გზა მრავალფეროვანი გამოცდილებით, საკვირველი აღმოჩენებით, ცოცხალი წყაროსთვალებით, მარადიული ნათლით. მისი პოვნა ადვილია, საჭიროა მხოლოდ იმ კართან მიხვიდე, საიდანაც ის მომდინარეობს, რამეთუ იესუმ თქვა: „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს“ (იოანე 10, 9).

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.