გამოცდათა მიზანი - ცხონება სულისა ჩვენისა

„ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე,
არამედ დიდებისათვის ღმრთისა,
რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან“
(იოანე 11, 4)

ყოველ ნაბიჯზე - ავადმყოფობა, განსაცდელი, ვაება! ძე ხორციელს არ ძალუძს მათგან გაქცევა. მწუხარება არსებითად ჩვეულებრივი რამაა და, იმავ დროს, ფრიად იდუმალიც. მწუხარების ჟამს ხშირად ბუნებრივად იბადება კითხვა: - რატომ? პასუხს სავსებით, სჩანს, იმქვეყნად მივიღებთ; მაგრამ ნაწილობრივ, აქაც შევიცნობთ ჩვენზედ გარდამოვლენილ განსაცდელთა მიზანსა და დანიშნულებას.

მიზანი რომ შევიცნოთ, უნდა გვახსოვდეს: - ჩვენი უბედურება არა მარტო ჩვენ გვეხება, არამედ მისი მოქმედება ბევრად უფრო შორს განეფინება. ლაზარეს სიკვდილსა და აღდგომაში ჩვენ ზემოთქმულის დასტურს ვხედავთ. მაცხოვრის მიერ ბეთანიაში აღსრულებულ ამ სასწაულს ოთხგვარი მოქმედება და მნიშვნელობა ჰქონდა. იგი საჭირო იყო თავად მაცხოვრისთვის: „რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან“ (იოანე 11, 4). იგი საჭირო იყო მოციქულთათვის: „მე მიხარის თქუენთვის, რაჲთა გრწმენეს ჩემი“ (იოანე 11, 15).

უწყოდა მაცხოვარმა, თუ რა ძლიერ ზემოქმედებას მოახდენდა ეს სასწაული მოციქულებზე და თქვა: „მე მიხარის“. ყველაზე მეტად ეს მოვლენა, ცხადია, ლაზარეს დებს შეეხო, და როდესაც დატირებული საყვარელი ძმა დაუბრუნდათ, იესუ ქრისტეს ღვთაებრიობის რწმენაც მიეცათ. და პირველად გააცნობიერეს, თუ ვინ შეიძლება იყოს იგი ყველა ჭეშმარიტი მორწმუნისათვის. და ბოლოს, ეს მწუხარება, ეს სასწაული საჭირო იყო თავად იუდეველთათვის. მოვიგონოთ მაცხოვრის სიტყვები: „მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე-მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (იოანე 11, 41-42).

ამ გზით, მართასა და მარიამს თავს დატეხილი მწუხარება სასიკეთოდ უნდა შეჰხებოდა ხალხს, რომელნიც ამა შემთხვევის გამო ბეთანიაში შემოკრებილიყო.

ზეგარდამოვლენილი გამოცდის მნიშვნელობა აქ ახალი აზრით წარმოჩნდება. იგი ახალი სინათლითაა გაცისკროვებული. შესაძლოა, ჩვენ არ ვჩვეულვართ მასში მწუხარებას ვჭვრეტდეთ. თუმცა განსაცდელები და მწუხარებანი, ჩვენს დროშიაც, იგივე, განსაზღვრული მიზნის მატარებელია: - ადამიანთა სულების ხსნა. უფლისათვის, ყოველი განსაცდელი მხოლოდ საშუალებაა, რათა წარმოაჩინოს კაცთა წინაშე თავისი მაცხოვნებელი მადლის ყოვლისშემძლეობა. მაშ, გამხნევდით, ძმანო! დაკაცით, განმტკიცდით იმედით, ისწავლეთ „მწუხარებათა მიერაც იქებოდით“, რამეთუ „მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან“ (იაკობ. 1, 4).

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.