„მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან
ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის
თანა დიდებისა,
რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“
(რომ. 8, 18)
როდესაც მივაღწევთ ადგილსა განსასვენებელსა და მოგვეცემა „ვიცნათ, ვითარმედ შევემეცნეთ“ (1 კორ. 13, 12), - მაშინ, გადავავლებთ რა თვალს განვლილ ცხოვრებას, დავინახავთ კავშირს გადატანილ გამოცდათა და მიღწეულ მიზანს შორის. მას ჟამსა შინა მთელი გულითა და სულით შევწირავთ მადლობას უფალს, რომელმაც ესრეთ შეგვიყვარა, რათა არ დავენდვეთ, როდესაც ჩვენს უმეცრებაში მასზე ვევედრებოდით. მაშინ ჩავწვდებით, რომ მან მართლაც „გადაადნო და გამოსცადა“ (იერემია 9, 7; 1 პეტრე 4, 12) თავისი რჩეულნი ცეცხლოვან ცთუნებებში, რათა განეწმიდა ისინი და მოექცია თავისკენ. მან, რამაც ყველაზე მეტად მოგვაყენა ცხოვრებაში წყენა, შესაძლოა, შინაგანი გადატრიალებაც მოახდინა ჩვენში, რომლითაც დაგვიხსნა საშიშროებისაგან, ჩვენს სულს რომ ემუქრებოდა. მოვა დრო, როცა ჩვენ ვაკურთხევთ იმ გამოცდას, რომელმაც მრავალი ცრემლი გვაღვრევინა და დავითისებრ ვიტყვით: „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი“ (ფსალ. 118, 71).
ის, რასაც ჩვენ უბედურებად ვთვლიდით, სიკეთედ გარდაიქცევა და დიდება, რომელიც გამოგვიჩნდება, საუკუნოდ დაატკბობს ყოველგვარ გადატანილ ტანჯვას. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები ჯერ კიდევ დედამიწაზე წარმოთქვა წუხილით და შევიწროებით შემოჯარულმა. იგი წინასწარ გრძნობდა ზეციურ დიდებას, მისი წინათგემოსხილვა ჰქონდა, რამეთუ თვით ცეცხლის ბრძმედში „მიჰხედვიდა არა ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას, რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არა ხილული იგი - საუკუნო“ (2 კორ. 4,18).
ღმერთმა ქნას, რათა ჩვენც ვცხოვრობდეთ „სარწმუნოებითა და არა უმეცრებით“ და „მოთმინებითა სასოებისათა“ განვლოთ მიწიერი გზა, განმზომელი ღვთის სიყვარულისა არა საკუთარი გამოცდილებით, არამედ ჯვარითა იესუ ქრისტესითა!
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.