„გაკურთხებ... და კურთხეულ იქნები“
(დაბადება 12, 2)
„აკურთხევდით, - ამბობს მოციქული პეტრე, - და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ“ (1 პეტრე 3, 9). ვინც თავად მიიღო კურთხევა, მას სხვასაც გადასცემს. ღვთის მადლს, სიყვარულს ღვთისას არ სჩვევია გულში დადგომა: მათთვის დამახასიათებელია გასცდნენ ერთ ადგილს, ხოლო გულს კი განკუთვნილი აქვს გამტარი იყოს მადლისა. სიყვარული ზეგარდამოედინება ერთი სულის მიერ სხვა სულებში და ეს სული გამოადენს რა მადლს, კვლავაც ივსება იმავე „მდინარისაგან ღმრთისა, რომელი აღივსება წყლისაგან“ (ფსალ. 64, 9).
ასე იყო აბრაამთან, როდესაც სარწმუნოებით დაემორჩილა მოწოდებას და გახდა მამა ყოველთა მორწმუნეთა. ასე იყო ბევრ ძველ და ახალაღთქმისეულ ღვთის მსახურთან. იგივე მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ ჩვენც - მოწოდებას ვიყოთ ჭეშმარიტი მორწმუნეები, გავხსნათ სული ფართოდ, რათა მისთვის გამზადებული ქრისტესმიერი კურთხევა დაიმკვიდროს, მით აღივსოს და გადაივსოს, ეხსომება რა, რომ ეს დალოცვა ადამიანს მარტოოდენ თავისი თავისთვის კი არა, არამედ ყველა გარშემომყოფთათვის გადასაცემად ეძლევა.
და ეს გადაცემა ზოგჯერ ხდება უსიტყვოდ, მდუმარედ, უხმაუროდ, იმ განუწყვეტელი, განუხრელი გავლენით, რომელიც ყოველგვარ გარემოში მოქმედებს, ნებისმიერ ვითარებაში, მიუხედავად წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებებისა. ამ ქრისტესმიერი სიყვარულის თბილ ანარეკლს ბავშვი დაჰყვება, და გული მისი მაცხოვრისკენ მოიქცევა; ამგვარი ლოცვა-კურთხევის მქონესთან შეხვედრისას ჭაბუკი შესდგება და ჩაფიქრდება, უბედური არამიწიერ თანაგრძნობას იგრძნობს და ღმერთს შესწირავს მადლობას. მადლის ესევითარი ჭურჭელი ოჯახში ყველასთვის დასაყრდენი შეწევნა, სინათლე იქნება. ცოდვა ვერ შეუმეზობლდება მას და ცოდვილი თავს აფორიაქებულად და მხილებულად იგრძნობს. მადლს ყველა საჭიროებს, და ეძლევა იგი ყოველთა, თვით ყველაზე უძლურსაც კი, რომელიც გრძნობს რა თავის უმწეობასა და სიცარიელეს, მივალს წყაროსთვალთან და ურწყდება მისგან.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.