„მაშ, ნუ განვსჯით ერთიმეორეს, არამედ
უმეტესად იმისთვის საჯეთ, რათა არ დაუგოთ
ძმას ფეხწამოსაკრავი ანდა საცდური“
(რომაელთა 14, 13)
იმის მაგიერ, რომ გამუდმებით ვეძიოთ მოყვასში ნაკლოვანებები და ერთგვარი სიამოვნება განვიცადოთ მათი მოქმედების განსჯა-განკითხვაში, გვმართებს მკაცრად ვადევნოთ თვალყური საკუთარ თავს და შევეცადოთ გავექცეთ ყოველივეს, რაც საცდურად შეიძლება ექცეთ ჩვენს ძმებს. ჩვენ ქარაფშუტულად ვექცევით ჩვენს ნაკლოვანებებს, ვივიწყებთ რა, რომ ჩვენი დაუფიქრებელი მოქმედებით არამარტო საცდურს ვუგებთ მცირეთა მათ ძმათა ჩვენთა, არამედ იმ სჯულის წინააღმდეგაც ვცოდავთ, რომელსაც ვემსახურებით, არ აღვასრულებთ რა საქმით იმ განწესებას, რასაც აღვიარებთ.
დაუოკებელნი ვართ მოყვასის განკითხვაში და ერთობ შემწყნარებელნი - საკუთარი თავისადმი. მივაპყროთ თვალი საკუთარ თავს, მკაცრად განვაქიქოთ იგი, „განვეშოროთ ყოველგვარ ბოროტს“ (1 თეს. 5, 22), და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე, შესაძლოა, ერთი მხოლოდ პირადი მაგალითით შევძლებთ განვრდომილი ძმების უფალთან მიყვანებას. მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება ცოცხალი ქადაგება იქნება, ბევრად უფრო სასარგებლო მოყვასისთვის, ვიდრე გაკიცხვა და შეგონებანი.
შევიცნობთ რა ჩვენს აურაცხელ მანკიერებასა და ნაკლოვანებას, „საკუთარ თავზე უმეტესად შევრაცხავთ ერთიმეორეს“ (ფილიპ. 2, 3), და მოგვეცემა ჩვენ უფლისაგან აღთქმული მადლი: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“ (იაკ. 4, 6).
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.