ღმერთს შენ უყვარხარ

„ნუ სტირ“
(ლუკა 7, 13)

ნუ სტირ, საბრალობელო დედაო! შენ შენს ერთადერთ ვაჟს კრძალავ, შენი მარტოსული ცხოვრების უკანასკნელ ნუგეშს! მაშ ვიღას ძალუძს, შენი უდიდესი მწუხარების შემხედვარეს, გითხრას: „ნუ სტირ!“ ამას ის გეუბნება, ვინც აღხოცავს და სიხარულად გარდააქცევს შენს ცრემლებს. შეხედე, იგი სიკვდილის სარეცელს უახლოვდება, სადაც შენი განძი განისვენებს, ეხება მას, წარმოთქვამს სიტყვას, და შენი შვილიც წამოდგება - ცოცხალი. როგორ განუგეშა შენ ქრისტემ!

დიახ, მას მხოლოსა შეეძლო ეთქვა „ნუ სტირ“, რომელსა ჰქონდა ხელმწიფება ეს მწარე ტირილი სამუდამოდ შეეწყვიტა.

ხშირად, ადამიანებიც, ისე რომ სხვისი წუხილი გულთანაც არ მიაქვთ, ამბობენ: ნუ სტირ, და ამით ტანჯულს წყენას აყენებენ. მწუხარებით მოცულ სულს ზოგჯერ ტკივა ეს უძლური, ზედაპირული ნუგეშინის-ცემა. ნუ განიკითხავ ადამიანებს მათი გაუგებრობისა და უძლურებისათვის, არამედ ისწრაფე მათ მიღმა ყოვლადძლიერი ნუგეშინის-მცემლისაკენ და ყური მიუგდე, ნუუკუე შენც გეუბნება - „ნუ სტირ!“ შენ განუგეშებს არა ადამიანი, არა ანგელოსი, არამედ თავად უფალი ღმერთი შენი! იგი, სულის სიღრმემდე შენი თანამგრძნობი, თავისი სიყვარულის უფსკრულიდან გეუბნება: „ნუ სტირ“. ნუ სტირ, რამეთუ იგია შენი ნუგეშინისმცემელი, რამეთუ გიცნობს შენ და უყვარხარ შენ, რადგანაც იგი დაგიბრუნებს იმას, რისთვისაც სწუხარ, გასწავლის მოთმინებით დაელოდო. ერწმუნე მას, დაუჯერე პავლე მოციქულის მოწმობას, რომ „ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენნი“ (2 კორ. 1, 5); ერწმუნები და ასწევ თავს. აღარ დამწუხრდები საკუთარ თავზე და შენი წუხილი მხოლოდ იმიტომ გემახსოვრება, რათა ანუგეშო მწუხარენი, იმ ნუგეშინის-ცემით, რომლითაც შენ ღმერთმა ნუგეში გცა.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.