„და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და
უთხარით იოვანეს, რაჲ ესე იხილეთ და
გესმათ“
(ლუკა 7, 22)
იოანე ნათლისმცემელი, ის, ვისზედაც თავად ქრისტემ თქვა, რომ იგი იყო „სანთელი აღნთებული და საჩინოჲ“ (იოანე 5, 35), საპყრობილეში ითანგებოდა სიმართლისა გამო. ღვთის ერთგულმა, მოუსყიდველმა მამოწმებელმა, გულახდილობითა და მანკიერ ცოდვაში გაბედული მხილებით განარისხა მეფე და მანაც წაართვა თავისუფლება და დაამწყვდია ციხეში, თუმცა უწინ სიამოვნებით უსმენდა მას. დიახ, ვიდრე იოანე მის პიროვნებას შეეხებოდა, იროდი მზად იყო შეექო იგი, მაგრამ როგორც კი ცეცხლოვანი, მამხილებელი ღვთის სიტყვა გადასწვდა მასა და მის ცოდვილ ცხოვრებას, ღვთის წარმოგზავნილს მტრად ექცა.
დღესაც ასეა: ადამიანები მანამ აქებენ ღვთის სიტყვას, ვიდრე იგი მოწმედ არ შეიქმნება მათი ცოდვების წინააღმდეგ, როგორც კი სული მხილებას იგრძნობს და არ მოისურვებს მონანიებასა და ცოდვასთან განშორებას, განირიდებს სახარების იმ ადგილს, რომელმაც ამხილა და არ სურს რა სინანული, ფორიაქობს.
უეჭველია, იმიტომ დაემორჩილა იოანე უსამართლო განაჩენს, რომ ადამიანური ჯერჩინების მიღმა, ღვთის ნება დაინახა, რომელმაც ეს გამოცდა დაუშვა. აი, მის სულზე იჭვნეულობის ღრუბელმა გადაიარა, და დამწუხრებული მოწაფეებიც იესუსთან მოვიდნენ, რათა ამცნონ.
იესუს მტკიცედ სჯერა თავისი წინამორბედისა. უწყის, რომ ეს წუთიერი ღრუბელი მალე გადაივლის და ამ ცხოვრების სისხლიან აღსასრულს საუკუნო დიდება მოჰყვება. იცის, რომ იოანეს ძლიერი სული ახლა უფრო მეტადაა ღვთის სასუფევლით დაკავებული, ვიდრე თავისი პირადი ხვედრით და პასუხსაც მისი ღირსების შესატყვისს უთვლის: „მივედით და უთხარით იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განსწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების“. აი, ნიშანნი და გამოვლინებანი იმ ღვთიური სასუფევლისა, რომლის ხარებისთვისაც მოსულხარ. ხოლო შენზედ, მოწამეო, რაჲღა ითქმის? - „ნეტარ-არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდამო“.
უფალი ხედავს, რომ შენ ცთუნება ვერ მოგერევა, ბოლომდე დაითმენ, და ნეტარად მოგიხსენიებს. იოანეს მოწაფეთა განშორების შემდეგაც აგრძელებს სიტყვას და ამბობს, რომ იგი „უმეტეს წინასწარმეტყუელისა“ არს, რომ იგია, ვისზედაც წერილ-არს: „აჰა ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა“. ნეტარ-არს, რომელიც არ დაბრკოლდება მაშინაც კი, როცა ვერ ხედავს გამოსავალს; ნეტარ-არს, რომელსაც ერგო დაითმინოს, ევნოს და მოკვდეს კიდეც სიმართლისათვის! ნეტარ-არიან ის თავმდაბალი მოწაფეებიც, რომელთაც უფალი თავის ტყვეებთან და ვნებულებთან აგზავნის, რათა უთანაგრძნოს და ანუგეშოს ისინი თავისი უცვალებელი სიყვარულის სიტყვით.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.