იმედი

„და ნათელი ბნელში ნათობს, და ბნელმა იგი ვერ მოიცვა“
(იოანე 1,5)

ბნელმა, უკუნმა ღამემ მოიცვა დედამიწა, მრისხანე ღრუბლებმა დაჰფარა ვარსკვლავთა ციაგი, და დაქანცული, მარტოსული მგზავრი, მთვლემარე ტყიდან რომ ცდილობს გაღწევას, ცხვირწინაც კი ვერაფერს ხედავს; იგი ეს-ესაა სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და ეჩვენება, რომ მიზანს ვეღარასოდეს მიაღწევს, ვერასოდეს მივა დასახლებულ საცხოვრისამდე. მოულოდნელად უკუნ წყვდიადში რაღაცამ იელვა - სადღაც შორს კოცონი ციმციმებს და მგზავრის სულში მაშინვე იმედის სხივი გაჩნდა, იგი უფრო გაბედულად დაადგა გზას, და ნელ-ნელა მის თვალწინ კოცონი გამოჩნდა, იგი მარტო აღარაა - გადარჩა. მიზანი მიღწევადია, წინ პატარა ქალაქი იშლება, სწორედ მისკენ ისწრაფვის.

განა ასევე არაა ცხოვრებაშიც? კაცობრიობის ისტორიასა და თითოეულის პირად ცხოვრებაში არის ჟამი, როცა ყოველივეს მრუმე წყვდიადი მოიცავს; ცოდვა, გაბოროტება, ურწმუნოება, მტრობა, სიცრუე - ეს მტრული ძალები თითქოს ატყვევებს კაცობრიობას, და ჰფარავს რა ჩვენგან ყოველგვარ სინათლეს, არ გვაძლევს საშუალებას გავაღწიოთ ამ უკუნი წყვდიადიდან. მაგრამ „ნათელი ბნელში ნათობს, და ბნელმა იგი ვერ მოიცვა“ - მან იგი ვერ უნდა მოიცვას. საკმარისია ერთი კოცონი აინთოს და სინათლე უკვე შორს ვრცელდება; ერთი ნაპერწკლიდან მრავალი კოცონი შეიძლება აინთოს, და ჩვენს ირგვლივ კვლავ სინათლე ისადგურებს.

როდესაც უსიხარულო დროება სიმძიმით გვრთგუნავს, უფლისთვის სათნოა, რათა პირქუშ აზრებს არ მივეცეთ. მას სურს, რომ წყვდიადის მიუხედავად მოწყენილობის გარეშე ვისწრაფოდეთ სინათლისაკენ და საკუთარი მაგალითით სიმართლისა და სიკეთის კაშკაშა კოცონად ვგიზგიზებდეთ. ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვსაჭიროებთ სიყვარულის ნელ ციაგს, რომელსაც ისინი ავრცელებენ, ვინც მის წყაროსთან, ღვთიურ სიყვარულთან არიან ახლოს. სული, რომელიც მხურვალე ლოცვაში ყოველდღიურად მიეახლება ზენაარის საყდარს, უეჭველია, განათდება ზეციური სინათლის სხივით და აღასრულებს მოციქულ პავლეს მითითებას: „შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ: კეთილი, სათნოჲ და სრული“ (რომ. 12, 2).

განახლდება რა, ძალუძს თავის გარშემო სიყვარულის ნელი ციაგი გაავრცელოს და სხვებში ღვთიური ნაპერწკალი აანთოს. მაშინ, სინათლე საბოლოოდ სძლევს სიბნელეს, და სიმართლის მარადიული მზე აღმოვალს ჩვენზედა.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.