„გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი“
(ესაია 38,5)
უფალმა თავის გულმოწყალებაში უთხრა ეს სიტყვები დასნეულებულ მეფე ეზეკიას, თუმცა მისი მწუხარება წმინდად მიწიერი და პატივმოყვარულიც კი იყო: ეზეკიას ცრემლი მხოლოდ სიკვდილის შიშითა და სიცოცხლის სურვილით იყო მოგვრილი. და მაინც, უფალმა უთხრა მას: „მე... დავინახე შენი ცრემლი“.
თითქოსდა უფსკრული ჰყოფს ადამიანურ უძლურებას ღვთიური დიდებულებისაგან. როდესაც მე ვტირ და ვიტანჯები მწველი, მაგრამ წმინდად მიწიერი წუხილის გრდემლქვეშ, ნუთუ შესაძლებელია, რომ უფალი თანაგრძნობით ეკიდებოდეს ჩემს ცრემლებს? ადამიანური სიბრძნე მე ამაზე უარყოფითად მპასუხობს, ხოლო უფალი კი თავისი ამოუწურავი გულმოწყალებით მიმტკიცებს, რომ იგი ხედავს და ყურად-იღებს ჩემს ცრემლებს. და მე ვუწყი, რომ სიტყვაჲ მისი ჭეშმარიტია. ადამიანური შემწეობა ყოველთვის შეზღუდულია; ადამიანებს არ ძალუძთ თავის უმწეო ძმათა ტანჯვისა და საჭიროებების სიღრმისეული შეცნობა-წვდომაც კი, და რომც გაგიგონ, არ ექნებათ საშუალება, და არც დრო ნამდვილი თანადგომისა. მაგრამ ჩემთა ცრემლთა მხილველი და გლოვის მიზეზის შემცნობი უფალი, თავისი უდიდესი მოწყალებით, მდაბლდება ყველა ჩემს გასაჭირამდის, მზადაა შემეწიოს და მანუგეშოს.
ყოვლისშემძლე და საკვირველია უფლის ნუგეშინისცემანი. ისინი ყოველთვის როდი აკმაყოფილებენ სურვილს გულისას, ყოველთვის როდი სპობენ ცრემლთა მიზეზს; მაგრამ ისინი ამაზე შეუდარებლად უფრო მეტს იძლევიან - ისინი სულს არიგებენ ყოველივე იმასთან, რაც მოეზღო. ნებაყოფლობით განაწყობენ უარი თქვან იმაზე, რასაც მოკლებულია, და, უფრო მეტიც - „ღელესა მას გლოვისასა... კურთხევაჲ მოსცეს“ და სული „ვიდოდის ძალითი ძალად“ (ფსალ. 83,67) - მადიდებელია ღვთისა ტანჯვისთვისაც კი, ხედავს რა ყოველივეში მის სიყვარულს. მოციქული პავლე შეგვაგონებს, რომ ღმერთს ყველა ჩვენი სურვილი და გაჭირვება იმისთვის კი არ გავუმჟღავნოთ, რათა უეჭველად მივიღოთ მისგან სათხოვარი, არამედ იმისთვის, რომ „მშჳდობამან ღმრთისამან“, რომელიც ყოველთვის ჩვენი სულის ღაღადისის პასუხად წარმოიგზავნება, აღავსოს მადლით ჩვენი არსება. „მშვიდობა ღმრთისა - ჰმატს ყოველთა გონებათა“, - ნათქვამია. მიუწვდომელი, დაურღვეველი, იგი გარდამოვალს უშუალოდ ღმრთისაგან არა წუთიერად, არამედ რათა დაიცვას გულისსიტყვანი წუხილიანნი და მშფოთვარენი გულთა ჩვენთანი „ქრისტე იესუჲს მიერ“ (ფილიპ. 4, 7).
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.