ჯვარი ქრისტესი საფუძველი და ცენტრია

„მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა
და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე“
(მათე 24, 5)

ძველი ლეგენდა წმინდა მარტინიანეს ცხოვრების ერთ უჩვეულო შემთხვევაზე მოგვითხრობს. ერთხელ, როდესაც ის გულმოდგინედ სწავლობდა თავის სენაკში წმიდა წერილს, კარზე კაკუნის სუსტი ხმა შემოესმა. „შემოდი“, - თქვა ბერმა. კარი განიხვნა და მის წინაშე თავადურ სამოსელში მშვენიერი უცნობი წარსდგა არწივისებური მზერით. „ვინ ხარ?“ - დაეკითხა წმინდა მარტინიანე. „მე ქრისტე ვარ“, - უპასუხა უცნობმა. მოულოდნელი მნახველის მბრძანებლურ კილოსა და ამაყ იერს ბერი არ შეუშფოთებია; მიხედა რა გამომცდელი მზერით, მშვიდად ჰკითხა: „სადაა იარები სამსჭვალთაგან?“ წმინდა მარტინიანემ უცნობს ჯვარცმული მაცხოვრის ამ უეჭველ კუთვნილებათა უქონლობა შეამჩნია. მეფურ შესახედაობას, მის მდიდრულ სამოსელს არ შეეძლოთ მისი უტყუარობის დადასტურება. ძვირფასი ბეჭდებით მორთულ ნებიერ ხელებზე არ ჩანდა ჯვარცმის კვალი.

სიცრუეში მხილებული, ბოროტ განზრახვაში ჩაჭერილი, სატანა - რამეთუ ის იყო ნამდვილად - აჩქარებით გავარდა სენაკიდან.

ჩვენ ახლაც შეგვიძლია ამ მონათხრობით სარგებლობა. ჩვენს დროშიც ბევრი ინიღბება ქრისტეს სახელით. როგორ შევიცნოთ სარწმუნოება ჭეშმარიტი, ვით გავერკვეთ აურაცხელ ახალ წამოწყებებსა და სწავლებებში, რომელთაც ყოველი ძველის, საუკუნეებით, კურთხეულის ჩანაცვლება სურთ? წმინდა ბერმა იპოვა პასუხი ამ კითხვაზე: ადამიანური დიდების ამ გამოცხადებაში იგი ჯვარცმის ნაკვალევს ეძებდა.

მაცხოვრის ჯვრიანი სიკვდილის გარეშე, გარეშე მისი გამომხსნელი მსხვერპლისა, სახარება მთელ თავის ძალას დაკარგავდა. ჯვარი ქრისტესი საფუძველი და ცენტრია, რომლისგანაც გამოვალს მშვიდობის, სიხარულისა და სასოების ნათელი სხივები. ის, რაც არაა განმსჭვალული სულითა ჯვარისაჲთა და ეწინააღმდეგება სახარებისეულ სწავლებას, არ შეიძლება ქრისტეს სახელით იწოდებოდეს, შეუძლებელია მას ეკუთვნოდეს და იგი ღვთისგან არაა გამომავალი. „საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ“ (1 იოანე 4, 1).

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.