„დასცემს უფალი მის სიამაყეს მის ხელს ხრიკებთან ერთად“
„უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და
შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ
მოიმოქმედე საკვირველებანი“
(ესაია 25, 11, 1)
გასულ ასწლეულში, 30 წლის ასაკში, გარდაიცვალა ერთი მდიდარი, დიდგვაროვანი გერმანელი ქალი, რომელიც სიკვდილამდის უარყოფდა საიქიო ცხოვრებას. თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე ანდერძი დატოვა, რათა მისი სამარე გრანიტის ქვით დაეფარათ და ირგვლივ მასიური ქვის კედელი შემოევლოთ და მძიმე რკინის ბორკილებით გაემაგრებინათ. მისი სურვილი აღასრულეს და ქვაზე წააწერეს: სამარე შეძენილია სამარადჟამოდ, ხელშეუხებელი დარჩეს საუკუნოდ. მკაცრად იკრძალება ოდესმე სამარის გახსნა. მაშ, თვით სამარეშიაც კი იგი გამომწვევი იყო უზენაესის მიმართ.
მაგრამ, აი, სამარის ქვის ქვეშ მოხვედრილი ერთი პატარა მარცვალი გაღვივდა, ამოიყარა და ქვებს შუა მიწის ზედაპირზე ამოყო თავი. ნელ-ნელა ფესვები ღრმავდებოდა რა მიწაში, გააპო საფლავი და დროთა განმავლობაში ვეებერთელა ხე ამოიზარდა. ძლიერმა ფესვებმა უზარმაზარი ძალა შეიძინა, შეარყია ქვის მესერიც, გაწყდა რკინის სალტეები და საფლავის ქვა წამოიწია. სიცოცხლემ იქ იზეიმა, სადაც ყველაფერი სიკვდილით დაბინდულიყო. ამჟამად ამ საფლავზე დგას მაღალი მუხა, როგორც ჩუმი მოწმე ჭეშმარიტებისა და აშკარა უარყოფა გარდაცვლილის ურწმუნოებისა.
იქაური უბრალო ხალხი ცრუმორწმუნეობის შიშნეულობით უმზერს ამ ძეგლს. მართლაც, ვერანაირი ქვა, ვერანაირი მესერი ვერ დაგიფარავს სამართლიანი ღვთიური მსჯავრისაგან. უკანასკნელ დღეს თითოეული ჩვენთაგანი წარსდგება ღვთის წინაშე და მაშინ, ხსნა, მხოლოდ ქრისტეს მიერ იქნება შესაძლებელი. კრავი განიკითხავს ყველას - დაკლული კრავი, რომელიც მაშინ მთელი თავისი დიდებულებით გაცხადდება. თავად ქრისტე, ერთი მხოლოდ ის გვიხსნის ღვთის რისხვისაგან. როგორც არ უნდა ცდილობდნენ ადამიანები ღვთის უარყოფას ურწმუნოებითა თუ კიდევ სხვა რამით, მოვა დრო, როცა უეჭველად ვიხილავთ ყველა; დადგება ჟამი, როდესაც ყოველი ბაგე დადუმდება მის წინაშე, როცა მას ყოველი თვალი იხილავს და ყოველი ურწმუნო სული იძულებით მოდრკება წინაშე მისა.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.