ლოცვა ბოროტებას სიკეთედ გარდააქცევს

„რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე
საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და
შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა“
(ფილიპ. 1,19)

მოციქული პავლე ამ სიტყვას რომ წერდა საპყრობილეში, ერთობ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. შესაძლოა, მოწამეობრივ სიკვდილს ელოდა. ძმათაგან ბევრმა უღალატა მას, „ჰგონებენ ჭირთა მოწევნად, კრულებათა ამათ ჩემთა“ (ფილიპ. 1, 16), ხოლო ზრუნვა მის მიერ დაარსებულ ეკლესიებზე გამუდმებით აწუხებდა.

თუმცა პავლე ყოველთვის მკაფიოდ სჭვრეტს და ყველაფერში კეთილ მნიშვნელობას ხედავს. „უწყი, - ამბობს იგი, - ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად“. ის, რაც რომში შეემთხვა, ფილიპელ მეგობრებს დიდ უბედურებად მიაჩნდათ, მაგრამ სხვაგვარად სჭვრეტდა თავად პავლე: იგი ყოველივეში „ცხონებას“ ხედავს, მახარებლობის წარმატებას, ბოროტებაზე გამარჯვებას და ყველა ამ შემთხვეულებათაგან საუკეთესო შედეგებს ელის.

მხოლოდ ზეგარდმო ღვთისგან გარდამოვლენილი მადლის შეწევნითაა შესაძლებელი მის მიერ გადატანილ განსაცდელთა ასეთი ხელსაყრელი დასასრული, მიღწევადი „ვედრებითა და შეწევნითა სულისათა“. თავისთავად არანაირი გარემოებანი არ მოგვიტანენ სიკეთეს. მხოლოდ ლოცვითა და მორჩილებითაა შესაძლებელი მიზნის მიღწევა. ლოცვის ზემოქმედება განსაცვიფრებელია: რამდენად ხშირად გარდააქცევს იგი ბოროტებას სიკეთედ! მისი ზეგავლენით წყვდიადიდან სინათლე გამობრწყინდება, წუხილს სიხარული ცვლის, ქარიშხლები სიმყუდროვეს უთმობს ადგილს და ყოველგვარი ტკივილი ყუჩდება. ლოცვაზე გამოძახილი პირველ ყოვლისა „შეწევნაა სულისა“ და მხოლოდ მისი ღვთიური თანაშეწევნით ყოველივე ის, რაც არ უნდა შეგვემთხვეს, გვემსახურება „საცხორებელად“.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.