„უფლის სიტყვები იშვიათი იყო იმ ხანებში“
(1 მეფეთა 3,1)
კაცობრიობის ისტორიაში არის ჟამი, როდესაც ღვთის დიდება უფრო აშკარად ვლინდება. მაშინ ღვთის სასუფეველი ძალაში გამოსცხადნება. იმ დროს თითქოს ხილული ურთიერთობა მყარდება ღმერთსა და ხალხს შორის. სასწაულები, წინასწარმეტყველებანი უფრო ხშირად მეორდება. როგორც სამყაროს შექმნისას სინათლე გამოეყო სიბნელეს და ციური მნათობები აკაშკაშდნენ, ასევე ნათდება ზეციური სინათლით მაშინ ზნეობრივი სამყარო, გულის-ხმაში მომყვანებელი და წარმმართველი სწორ გზაზე. მაგრამ შემდგომად ამისა კაცობრიობის ისტორიაში არცთუ იშვიათად დგება ისეთი ეპოქა, როდესაც ღვთის ხმა აღარ ისმის, მისი ძლიერება მთელი ძალით არ ვლინდება.
ასეთი დროებანი გვეძლევა, როგორც უდიდესი გამოცდა ჩვენი სარწმუნოებისა: მაშინ ჩვენთვის თითქოს ცა დახშულია, და ჩვენ გამუდმებით გვესმის ურწმუნოთა დრტვინვა, ზეციდან ნიშს რომ ითხოვენ და გამუდმებით იმეორებენ: „სად არს ღმერთი შენი?“ მართალია დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სნეულნი მეყვსეულად იკურნებოდნენ და მკვდარნი აღდგებოდნენ, - მაგრამ ძალი ღვთისა არ შესუსტებულა; მისი ხმა მაშინაც ჟღერს, როცა ჩვენ იგი არ გვესმის: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (იოანე 5,17), - ამბობს უფალი.
ის, რაც კაცობრიობის ისტორიაში ხდება, მეორდება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაშიც. ჩვენს ზნეობრივ სამყაროშიც უხვ მკათათვეს გვალვა და შიმშილი ცვლის, ჩვენს სულს შია და წყურია ჭეშმარიტება, და გადანახული საკვები არასაკმარისია.
ხშირად, გულაჩუყებისა და სულიერი სიხარულის განცდის შემდგომ უცებ გვეჩვენება, რომ უფალი განგვშორდა, რომ მისი სიტყვა დადუმდა, სასოწარმკვეთი ქვითინი ახრჩობს სულს და ვხმობ დავითთან ერთად: „ხოლო შენ, უფალო, ვიდრემდის?“ ან: „აღსდექ, უფალო, განიღჳძე ჩემთვის!“
ჩვენთვის გასაგებია, რომ უფალი არ პასუხობდა პილატეს შეკითხვებს, მაგრამ როდესაც ჩვენ მთელის სასოებით მოვუხმობთ მას და პასუხებს არ ვიღებთ, როცა ჩვენს მასწავლებელს თითქოს სძინავს - იმ დროს, როდესაც ერთს მხოლოდ მას შეეძლო ჩვენს ირგვლივ ატეხილი გრიგალის დამშვიდება, ჩვენ ეს მძიმედ და აუხსნელად გვეჩვენება.
მაგრამ თუ უფალი ამ წუთში არ გვპასუხობს, იგი ილაპარაკებს, როცა მისი ჟამი დადგება. თუკი ჩვენ სარწმუნოებით მოვუხდებით მას და მოთმინებით დაველოდებით პასუხს ჩვენს ლოცვაზე, უეჭველად გვიპასუხებს სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად იქნება საჭირო.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.