ღვთისთვის სათნო მარხვა

„მოსე დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს“
(გამოსვლა 34, 28)

უკვე ძველ აღთქმაში ვხვდებით ორმოცდღიან მარხვებს; ყველა ისინი განსაკუთრებული გარემოებით იყო გამოწვეული, ღვთისგან განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა და განსაკუთრებული ნაყოფი მოჰქონდა. ძველი აღთქმის დასაწყისშივე ვკითხულობთ მოსეზე, ამ ყველაზე უფრო მშვიდ ადამიანზე, რომ მან „იხილა ღმერთი პირისპირ“. დასაწყისში თავისი მძიმე ასპარეზისა - მუდმივი, მძიმე ბრძოლისას ხალხთან, „უფალ ღმერთის განმარისხებელისა“ - იგი მთაზე ავიდა, „დარჩა იქ უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს, პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს, დაწერა ფიქალზე აღთქმის სიტყვები“ (გამოსვლა 34, 28). მან დროებით დატოვა თავისი მიწიერი საქმეები, საზრუნავი და საშრომელი და პირდაპირ უფალთან ავიდა. მან იხილა იგი, დატკბა მისით, გასხივოსნდა მის მიერ, ისე რომ შემდგომ მისი სახე დიდხანს ბრწყინავდა. და მასთან განმარტოებით ორმოცი დღე და ორმოცი ღამე დაჰყო, ამ საკვირველ, განუწყვეტელ თანაზიარებაში, მსმენელი მისი ნებისა და მისთა სიტყვათა. აი განსაცვიფრებელი მარხვა! მარხვა ღმერთთან მჭიდრო ურთიერთობისა და იდუმალი თანამზრახველობისა.

როგორ შეეძლო მოსეს ღმერთის ხილვა? ეს ჩვენ არ გვეთქვა, ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელი იყო. მაგრამ ჩვენ უტყუარად ვიცით, რომ შეხვედრა ნამდვილად მოხდა და მან აღუხოცელი კვალი დატოვა. „უბწყინავდა პირისკანი ღმერთთან ლაპარაკისას“ და სულმან მისმან, რომელიც წარსდგა „წინაშე მამისა, რომელი დაფარულ არს“ მთელი დანარჩენი ცხოვრებისათვის მიიღო ძალა და მადლი. ეს იყო ღმერთთან ახლო შეხვედრის მარხვა.

ჩვენი მარხვა კი? მდგომარეობს ღვთის სახის ძიებაში, როგორც დავითი ამბობს: „ღმერთო, ღმერთო ჩემო შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა... რათა ვიხილო მე ძალი და დიდება შენი“ (ფსალ. 62, 1, 2). განვმარტოვდებით ჩვენ ღმერთთან იდუმალი საუბრისთვის, რომელშიც ქრისტიანული ცხოვრების საიდუმლო ძალა მდგომარეობს? ღვთისთვის სათნო მარხვა - ეს მასთნ სულის დაახლოება და თანაზიარობაა, და ამ მარხვისთვის მოწოდებულია არა მარტო მოსე, არამედ თითოეული ჩვენთაგანი.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.