„ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“
(მათე 17,21)
თავად მაცხოვარი გვიბრძანებს ვიმარხვიდეთ. ყოველი მარხვა წმიდა წერილში უმჭიდროვესადაა დაკავშირებული თავად ღმერთთან. ყოველი საყოველთაო მარხვა ღვთისადმი გამაუცხოებელ ცოდვაზე შემუსვრილებას გამოხატავდა და კვლავ ღვთისაკენ მოუწოდებდა. ნუ ვიტყვით, როგორც მრავალნი, რომ მოსე და ილია არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, სავსებით არ გვგავდნენ ჩვენ, და ყოველივე, რაც მათ აღასრულეს, ჩვენთვის მიუწვდომელია. მართალია ჩვენ წმინდანები არა ვართ, როგორც ისინი, და ჩვენ არა გვაქვს განკუთვნილი განსაკუთრებული მსახურება, მაგრამ იესუ ქრისტეს მოწოდება ღმერთთან შესახვედრად, მასთან თანაზიარებისათვის, მისდამი მორჩილებისათვის ყველა ჩვენთაგანის მიმართაა. „ღმერთმან შეიყვარა სოფელი“ - არამარტო ზოგიერთები, არამედ ყოველი სოფელი, და ეს სოფელი - ჩვენ ვართ. ქრისტეს სიკვდილისა და მსხვერპლის ბეჭედი უკლებლივ ყველა ჩვენთაგანზეა, „რამეთუ წინაშე ღმრთისა არ არს თვალღება“.
და ეს ჩვენი ერთიანი და საყოველთაო უფლებაა. ქრისტე მოკვდა, რათა თავისი სასუფევლისა და დიდების თანამონაწილენი გავეხადეთ. იგი გვეწილადა ჩვენ და მამასა თჳსსა, თქვა რა: „მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა“. და მამისადმი ამგვარი მოხმობით გაგვიხსნა მისკენ გზა და მისასვლელი. მარხვა და ლოცვა, მჭიდროდ დაკავშირებულნი ერთმანეთთან, თითქოს ურთიერთშემავსებელნი, გვეხმარებიან ჩვენ და განგვამტკიცებენ ამ გზაზე. ღრმაა ჩვენი ჭრილობები, მედგარი ზნეობრივი სნულებანი, მოუცილებელი ცთუნებანი - ჩვენც მტკიცენი ვიყვნეთ ამ ნათესავთან გამუდმებულ ბრძოლაში, რომელიც „არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.