მდგრადობაზე

„მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი,
და ვხედავდეთ რწმენის ჩვენის წინამძღვარსა და აღმასრულებელს იესუს“
(ებრ. 12, 1-2)

ჩვენ მოწოდებულნი ვართ, განუხრელად ვიაროთ უფლისგან მინიშნებულ გზაზე. ხშირად ჩვენ კარგად ვიწყებთ, მხნედ შეუდგებით ხოლმე გზას და წარმატებით გავდივართ რამდენიმე ნაბიჯს, მაგრამ ეს არაა საკმარისი. გადავწყვიტეთ რა შევუდგეთ ქრისტეს, აუცილებელია ისეთივე გულმოდგინებით გავაგრძელოთ გზა, როგორც დავიწყეთ. არცთუ იშვიათად ამბობენ, რომ ყოველგვარ საქმეში პირველი ნაბიჯი ყველაზე მძიმეა. უეჭველია, იგი ჩვენგან დიდ გაბედულებას მოითხოვს, რაც ყოველთვის ადვილად არ გვეძლევა, მაგრამ, შესაძლოა, ბევრად უფრო ძნელი და აუცილებელია ვითმენდეთ მთელი გზის განმავლობაში.

ადრე გაზაფხულზე ხეები კვირტებით იფარება, მათგან წარმოიქმნება ფოთლები, იშლება ყვავილები და ნაყოფს გვპირდება; მაგრამ ყველა კვირტი როდი იფურჩქნება. ასევე ჩვენი კეთილი წამოწყებანი ყოველთვის არ განვითარდება, ყოველთვის ბოლომდე არ მივა. გვახსოვდეს, რომ სულ წინ უნდა მივისწრაფოდეთ, ყოველდღიურად და საათობრივად, აღძრულნი ჩვენი ღვთიური წინამძღვრისადმი მტკიცე სასოებით, რომელსაც არასდროს უნდა მოვწყვიტოთ იმედიანი მზერა.

დღემუდამ ღრმა რწმენით ვუმზერდეთ მას, რომ იგი იტვირთავს ჩვენს ნაცვლად ყოველივეს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, ოღონდ მოთმინებით გავაგრძელოთ გზა და მიუხედავად დაბრკოლებებისა არ მოვიწყინოთ, არ გადავუხვიოთ გზიდან.

ვუმზერთ რა მცურავ ხომალდს, ვერ ვხედავთ, ვინ მართავს, მაგრამ მისი სწორი სვლა მიგვანიშნებს, რომ თავისთავად არ მიცურავს და მას მტკიცე, გამოცდილი ხელი მართავს. და თუკი ჩვენი ცხოვრებაც მდგრადობითა და მოთმინებით, თვითუარყოფით წარედინება, - მთლიანად ერთი ზეციური მიზნისკენ, აშკარა გახდება, რომ ჩვენში უხილავად ღვთის ძალა მოქმედებს, რომ სული ღვთისა დამკვიდრებულა ჩვენ შორის და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ ჩვენს წინ მდებარე ასპარეზზე.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.