იგავი მევალეზე

„სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად“
(ლუკა 7, 40)

იგავი მოვალეზე მთელ კაცობრიობას შეეფარდება; უფალმა იგი სვიმონ ფარისევლის გულში ამოკითხული საიდუმლო გულისსიტყვის პასუხად წარმოსთქვა, თუმცა ამ უკანასკნელს იგი არ გამოუთქვამს.

იგივე ხშირად ჩვენს ცხოვრებაშიც ხდება. ჩვენ, შესაძლოა, არც არასოდეს მიგვიმართავს უფლისთვის, მაგრამ სამაგიეროდ მას აქვს რაღაც სათქმელი. ჩვენს საიდუმლო საფიქრალში, პირდაპირ თუ ირიბად, უზენაესის ხმა გვესმის.

მე, მაგალითად, ეჭვი მაწვალებს; იდუმალი ხმა მეჩურჩულება: „შესაძლოა კი ეს?“ და აი, მოულოდნელად, ჩემს წინაშე ღვთიური ყოვლადძლიერების საკვირველებანი განიხვნება: ქვანი პურად იქცევა, ცოდვილნი მოიქცევიან, ყველაზე უფრო უკუნი ღამე ზეციური სინათლით ნათდება, რომელიც ჩემი სულის სიღრმეში ატანს, და ვგრძნობ, რომ ყოველივე ამის მიერ უფალს „აქუს რაჲმე ჩემდა სიტყუად“.

და უდიდეს სევდაში თვალშეუმშრალი ცრემლიანობის ჟამს, უნუგეშო მწუხარებაში საყვარელი არსების გამო, მიახლოვდება მაცხოვარი, მიმზერს და კვლავ მესმის: „მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად“.

დიახ, უფალი პირდაპირ საუბრობს, თითოეულთან ცალ-ცალკე, და თითოეულს ეუბნება სწორედ იმას, რაც მას სჭირდება, და არა სხვას. იგი სახელდებით მიცნობს მე. მისთვის ნაცნობია ჩემი დაფარული ცოდვა, ჩემი პირადი წუხილი, ჩემი იდუმალი ურწმუნოება. იგი სვიმონ ბარ იონას სხვაგვარად მიმართავს, ვიდრე სვიმონ ფარისეველს, და როდესაც იგი სამარიტელთან საუბრობს, მას მის პირად ცოდვას გაუმჟღავნებს.

იგი სხვადასხვაგვარად საუბრობს: ადამიანის მიერ, გარემოებათა მიერ ან პირდაპირ გულში იმ აუხსნელი, შინაგანი ხმით, რომელიც წმიდა წერილში შედარებულია კარზე რეკვასთან (კაკუნთან): „ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ“ (გამოცხ. 3, 20). მან მართას მიერ მოუხმო მარიამს: „მოძღუარი მოსრულ არს და გიწესს შენ“ (იოანე 11, 28). მანვე უბრძანა ადამიანებს ემცნოთ ბრმისთვის: „ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ“ (მარკ. 10, 49).

იესუმ ისურვა, ნუგეში მოეფინა მარიამისთვის, იესუმ ინდომა განეკურნა ბრმა, ასევე ჩემი ნუგეშინის-ცემა და განკურნებაც სურს უფალს. უფალი მომიხმობს, რამეთუ მას ჩემი სული სურს, და უწყის, რომ მის გარეშე იგი ჩამოხმება და დაიღუპება. იგი ყოველივეთი მაღვიძებს, რაც ჩემს გარშემოა; იგი რაღაცას თავისგან მეუბნება, რაც მე სულით უნდა გულისხმა-ვჰყო. ხოლო თუ მე ვახშობ და არ ვუშვებ ზეციურ ხმას, მაშინ იგი ოდესმე სამუდამოდ დადუმდება. „დღეს თუ ხმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა“ (ებრაელთა 4, 7).

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.