მღვიძარება უფალთან ერთად

„შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე;
დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა“
(მათე 26, 38)

ესაა მაცხოვრის ბრძანება, უფრო სწორად, თხოვნა მოწაფეთა მიმართ, მაგრამ საბრალო, დაღლილმა მოწაფეებმა ეს ვერ აღასრულეს. „სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ“ (მათე 26, 41). ადამიანურმა ხორცმა თვით მოციქულებშიც კი ჩაახშო სულიერი სიფხიზლე. ნაწილობრივ ჩვენც ხომ არ მოგვმართავს მაცხოვარი: „დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა“? იგი ჩვენ არ გვტოვებს; თუმცა უხილავად, მაგრამ ჩვენთანაა ყოველთვის. ამის გააზრებისას ჩვენი მიწიერი ცხოვრება საღმრთო და საზეიმო რამედ გარდაისახება.

„დაადგერით აქა“, - ამბობს უფალი, და ელოდეთ ჩემს მოწოდებას.

ელოდეთ, ზოგჯერ წუხილსა და ტანჯვათა შორის, მაგრამ ყოველთვის ამომავალი დაფიონისკენ მომზირალი, მტკიცე დაჯერებით, რომ იგი ხილულად წარსდგება ჩვენს წინაშე. გავიგონებთ მის ხმას, რომ მოგვიხმობს: „აღდექით, წარვიდეთ ამიერ“, - უკვე არა გოლგოთისაკენ, არა ჯვრისკენ, არამედ აღდგომისაკენ, ზეციური სამშობლოსაკენ, საუკუნო სიხარულში!

„იღვიძებდით ჩემ-თანა“. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მარტონი მწუხარებაში; „ახლოს ხარ შენ, უფალო!“ (ფს. 118, 151). ისე ახლოს, რომ ყოველი ჩვენი გადაჩურჩულება ესმის, ამჩნევს ყოველ ამოოხვრას. ზეციური მამა გვითანაგრძნობს და ელის იმ წუთს, როდესაც ჩვენ მზად ვიქნებით მივიღოთ მისი დახმარება; მაშინ ის წარმოგვიგზავნის შვებას. მაცხოვარი თავადაც საჭიროებდა თანაგრძნობას, მაგრამ ხორციელი უძლურების გამო მოწაფეებმა ვერ შეძლეს უმძიმეს წუთებში თანაგრძნობით მისი გამხნევება. მასზე უკეთ ვინ გაიგებს ჩვენს წუხილს? იგი ყოველთვის ახლოსაა ჩვენთან და შეგვეწევა გამოვეხმაუროთ მის მოწოდებას: „იღვიძებდით ჩემ თანა“. დიახ, უფალო! შემეწიენ ჩვენ, გამოგვაღვიძე ცოდვილი ძილიდან, იმდენად შეგვაძლებინე შენთან ერთობა, რომ ჩვენ ვერ შეუძლოთ თვლემა სულით, ოდეს გვიხმობენ საქმენი შენნი, ოდეს საჭიროება გაქვს თვით შენს უძლურ თანამოღვაწეებში! „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ“ (მათე 9, 37), - სთქვი შენ. შენ თავად წარხვედ ზეცად, გარნა საქმენი შენი დაშთა ქვეყანასა ზედა; შეგვაძლებინე, რომ ჩვენი მცონარებისა გამო, ამ წმინდა საქმემ რაიმე დანაკლისი არ ნახოს!

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.