„რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები“
(2 კორ. 12, 10)
მიენებეთ ქრისტეს! გააბატონეთ თქვენზე: დე, იგი მხოლოჲ სუფევდეს თქვენს სულში. ქრისტეს სახელით გაწეულ ღვაწლში კი თავს ნება მიეცით, ცოტათი შეისვენოთ, გონს მოეგოთ და მდუმარებით დაელოდოთ მისგან მონახულებას, რათა არა თქვენ, არამედ თავად იგი მოქმედებდეს თქვენში თქვენს მიერ. ერიდეთ მეტისმეტ ამაოებას თქვენს საქმიანობაში. ჩვენ ყოველდღიურად ვსაჭიროებთ განახლებას, ყოველდღიურ ურთიერთობასა და განათლებაში ზეგარდამო. ჩვენ ვსაჭიროებთ თავმდაბლობას და უნდა გვახსოვდეს, რომ „ძალი მისი (უფლისა) უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (2 კორ. 12, 9). უნდა შევიცნოთ საკუთარი უძლურება, ყრმები შევიქმნეთ ღვთის ხელში, რათა უფლის ხელი გვმართავდეს გამუდმებით.
მოიგონეთ, როგორ „დარჩა მარტო იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე“ (დაბადება 32, 24). არა ხალხმრავალ ბრბოში, არა მდუღარე საქმიანობის წყალვარდნილში გვეცხადება ჩვენ უფალი - არა, იგი გარდამოვალს ჩვენ თანა და გვპოულობს სიმარტოვესა და სიმყუდროვეში. შესაძლოა, თქვენც მარტომყოფელი, მარტოსული ხართ, ეგებ, ავადმყოფი? ეგებ, თქვენც მოყვასისაგან გაუცხოვებულად, ყველასაგან მიტოვებულად გრძნობთ თავს? ან იქნებ თქვენ ის ძვირფასი, ახლობელი ადამიანი დაკარგეთ, რომელიც თქვენი დასაყრდენი, თქვენი ნუგეში იყო ცხოვრებაში?
მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ! ქრისტე მოგინახულებთ თქვენ სულითა თვისითა, იხილავთ მას თვალითა სარწმუნოებისა თქვენისათა, და აღგავსებთ იგი ძალითა თჳსითა! მაგრამ ეს ნიჭი რომ მიიღოთ, საჭიროა განიმსჭვალოთ თავმდაბლობით, საჭიროა მოიქცეთ და გახდეთ, ვითარცა ყრმები, მხოლოდ მაშინ შეიძლება მიიღოთ სულიწმიდის ნიჭები. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის აუცილებელია შევიცნოთ საკუთარი უძლურება და ძალი ღვთისა, რომელიც იაკობმა ღმერთთან შერკინებისას იგრძნო, იხილა რა „პირისპირ“. „შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი“ (დაბადება 32,25). იგი უწინაც მორწმუნე იყო, გარნა უფალთან შეხვედრის შემდგომ „ისრაილად“ იქცა, ანუ მძლეველად. ჩვენი განუწყვეტელი ორგულობა, ჩვენი განდგომანი, ჩვენი დაცემები იქიდან მომდინარეობს, რომ სული ჩვენი ჯერაც არ შეხვედრია უფალს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღია ჩვენში ღვთის სული წმიდაჲ. მხოლოდ ღმერთთან ყოველდღიური ზიარებისას მივიღებთ რა მის ხელთაგან საუკუნო ცხოვრების ძალას, შევძლებთ ჩვენთა უძლურებათა დამარცხებას, რათა არ დავსუსტდეთ, არ დავეცეთ და არ დავიღუპოთ მიწიერი ცხოვრების გზაზე.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.