„უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა
სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა“
(2 თეს. 3, 5)
ჩვენ ყველა, რა თქმა უნდა, მზად ვართ უფალს ამგვარი ლოცვით მივმართოთ, რამეთუ ყველა ვსაჭიროებთ მოთმინებას. მოთმინებამ იესუ ქრისტეში, ისევე როგორც სხვა თვისებებმა, სრულყოფილებას მიაღწია. „...თჳსთა თანა მოვიდა და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (იოანე 1, 11). მაცხოვარს არასდროს დაუკარგავს მოთმინება, არასდროს განელებია სიყვარული, არასდროს შეუწყვეტია ლოცვა-კურთხევა, ქველმოქმედება ყველასთვის და თითოეულისთვის, მუდამ მზად იყო სიყვარულის ნიჭები გადმოეფრქვია, თუმცა უწყოდა და ხედავდა, რომ ადამიანებმა გულფიცხელობით უარყვეს და არ მიიღეს.
იგი გულმოწყალე იყო ყველას მიმართ, ხელებს განართხავდა ხალხისკენ, და იმავე ხალხმა ჯვარს მიალურსმა! მაგრამ ჯვარზე მიმსჭვალულ წმინდა ხელებს გამოხსნა და სიცოცხლე მოაქვნდა. თავად მოწაფეებს ყოველთვის როდი ესმოდათ უფლისა. თავიანთი ურწმუნოებით, სულმოკლეობით, მერყეობით, ისინი ხშირად აწყენინებდნენ და, მიუხედავად ამისა, მაცხოვარი არ ღიზიანდებოდა - არ დუმდებოდა მისი სწავლება, არ კლებულობდა სიყვარული მათდამი.
რაოდენი მოთმინება იყო საჭირო, რათა ყოველდღიურად ამ ტანჯულ, უბედურ, ხშირად გამძვინვარებულ ბრბოში ყოფილიყო. ითხოვდნენ რა მისგან კურნებასა და შეწევნას, მოსვენებას არ აძლევდნენ და ისიც, უცვალებელი სიმშვიდით, სულერთიანად ეწირებოდა ამ ბრბოს, იხარჯებოდა რა დაცემული და ვნებული კაცობრიობის სამსახურში.
გასაოცარ თავმდაბლობას ვხედავთ უფალში, როდესაც იგი პირისპირ აღმოჩნდა თავის მტრებთან! ქვეყნიერების დასაბამიდან არასდროს არავისში გამჟღავნებულა ასეთი თავმდაბლობა! სიფიცხით წარმოთქმულ სიტყვას, მუქარას, უხეშ განკითხვას იგი ლოცვით, სიყვარულით პასუხობდა. სიყვარული ანაცვალა თავის მკვლელთა ადამიანურ გაბოროტებას.
ჩვენ გვაკვირვებს მაცხოვრის განსაცვიფრებელი მოთმინება და უცვალებლობა უძმიმეს ღვაწლში ქვეყანასა ზედა, ასე ხშირად რომ ჩანდა უმადური, უნაყოფო. თავად თითქმის არასდროს უნახავს საკუთარი მოძღვრების კეთილისმყოფელობითი გავლენა; იმ ბრბოში, მას რომ მიჰყვებოდა, ბევრი იყო ურწმუნო. მაცხოვარი მთესვარი იყო: მკათათვე არ დამდგარიყო.
მაშასადამე, თავისი ცხოვრებით ნებისმიერ ვითარებაში, უფალი ჩვენ ღვთიური მოთმინების მაგალითს გვაძლევდა. მაშ, ვილოცოთ: „უფალმა წარგვიმართოს გულნი ჩვენნი სიყვარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა!“ ვისწავლოთ საქმიანობაში წარუმატებლობის მოთმინებით გადატანა ისე, რომ მოწყენილობა არ დაგვეუფლოს; ხელსაყრელ დროს დაველოდოთ იმ სიფრთხილით, რომ აჩქარებით, სარგებლობის ნაცვლად, ვნება არ მოვიწიოთ და გვახსოვდეს, რომ ნაადრევად მოწყვეტილი ნაყოფი უგემური და უმადლოა.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.