ეძიე მშვიდობა

„უკუეთუ ურთიერთარს იკბინებოდეთ და შეიჭამებოდეთ,
იხილეთ, ნუუკუე ურთიერთარს განილინეთ“
(გალატ. 5, 15)

კბენა და შეჭმა! რა მძაფრი ნათქვამია! მაგრამ არც იმდენად მძაფრი, თუ რეალურად შევხედავთ. ბოროტების როგორი მოზღვავებაა ყოველი მხრიდან! და რაოდენ დამღუპველად მოქმედებს იგი ჯერეც ნორჩ, ახალგაზრდა, სიმწარისა და ადამიანურ განსჯათა ულმობელობისაგან გამოუცდელ სულებზე! ოდესმე ჩვენს წინაშე გამჟღავნდება მიწიერი მტრობის ნაყოფი და შევძრწუნდებით. ღმერთს მშვიდობისმყოფელნი სურს, ჩვენ კი ვჩხუბობთ! აღმაშენებელნი სურს ღმერთს, ჩვენ კი ვანგრევთ! ღმერთს მოწყალე სამარიტელნი სურს, რომელნიც დასახიჩრებულს შეიცოდებდნენ, ფეხზე წამოაყენებდნენ და ჭრილობას შეუხვევდნენ; ჩვენ კი ცოდვის იარებზე, ჩვენი იქნება თუ სხვისი, ხშირად ვიცინით, ან მოყვასში უმოწყალოდ განვიკითხავთ იმას, რასაც საკუთარ თავში შევიწყნარებთ. თუკი მორწმუნეთა შორის გაბოროტება ამგვარად გამოვლინდება, თუკი ადამიანებს რაღაც პირადი მიზეზის ან ვიწრო არასწორი შეხედულებების გამო ერთმანეთთან კონფლიქტური, არამეგობრული დამოკიდებულება აქვთ, როგორი შეურაცხმყოფელია ქრისტეს სახელისთვის, რომელიც იმად მოვიდა, რომ ახლობელნიც და შორებელნიც თავის თავში გაეერთიანებინა და ჯვრითა თვისითა ყოველგვარი მტრობა დაეცხრო!

მაშ, დე უმაღლესმა შეაშთოს უმდაბლესი. დაე, სიყვარულმა, რომელიც ერთსა მხოლოსა ღმერთსა შეუძლია მოგვანიჭოს, დაამარცხოს ყველაფერი, რაც ამ სიყვარულს წინ აღუდგება. დე ამ სიტყვისადმი მორჩილებამ, - „მოიძიენ მშვიდობაჲ და მისდევდინ მას“ (1 პეტრე 3, 11) იზეიმოს ყოველგვარ განხეთქილებაზე, რომელიც კი გულსა და ცხოვრებას წამლავს.

თუ ჩვენ გულწრფელი ქრისტიანები ვართ, მაშინ დე შიშნეულობამ იმაზედ, რომ ქრისტე არ გავანაწყენოთ, ჩვენში ყოველგვარი პირადი წყენა ჩაახშოს და განგვაწყოს სიტყვით, საქმითა და გულისხმისყოფით განვადიდოთ მისი წმინდა სახელი.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.