„ახლა მომიყვანეთ მეჩანგე, როცა უკრავდა
ჩანგზე, უფლის ხელი იყო ელისეზე“
(4 მეფეთა 3, 15)
მეფე იორამის უღირსებით აღშფოთებულ ელისე წინასწარმეტყველს სული დაუმძიმდა, აღარაფრისთვის შეეძლო ეყურებინა, ვეღარაფერს წყვეტდა, აფორიაქებული სული უნდა დაეწყნარებინა და აი უხმობს მეჩანგეს. ადამიანი, რომლის სახელიც კი არაა ნახსენები, ასრულებს სწორედ იმას, რისთვისაც მოწოდებულია. ღმერთმა მას მუსიკალური ნიჭი მისცა, და ამ ნიჭით უსიტყვოდ, დროულად მოემსახურა ღვთის წინასწარმეტყველს. უფრო მეტიც: მისი შესრულების დროს საკვირველი, დიდებული საქმე აღესრულა. „ხელი უფლისა შეეხო“ თავისი მონის ელისეს აღშფოთებულ გულს და მან გულისხმა-ჰყო, თუ რა უნდა გადაეწყვიტა და ეთქვა უფლის სახელით.
გონება გაუნათდა და მისმა ბაგეებმა საზეიმო დამაჯერებლობით წარმოსთქვეს: „ასე იტყვის უფალი“. იგი დამშვიდდა და დაწყნარებულ სულში კვლავ ესმა ხმა ღვთისა. ხოლო ყველაფერ ამას მორჩილმა, გულმოდგინე მეჩანგემ შეუწყო ხელი; იგი გამოეხმაურა ამ ძახილს და მოემსახურა რითიც შეეძლო. შესაძლოა, ის მეტისმეტად უმნიშვნელო ადამიანი იყო, მაგრამ დიდებული საქმე აღასრულა.
- ჩვენ როგორ ვისარგებლოთ ამ ყველაფრიდან? ადამიანთა უმრავლესობას სურს დიდი საქმის აღსრულება, ეძებს თვითმყოფადობას, დიდებას და არაფრად აგდებს მცირე დახმარებას, ერთის შეხედვით უმნიშვნელო საქმეს, თვლის რა მას თავისი ღირსებისთვის შეუფერებლად ან უსარგებლოდ. არ კი ესმის, რომ სინამდვილეში დიდებული როდია ის, რაც ასეთად ჩანს: ღვთის აზრები ჩვენი აზრები არაა და მისი შეფასება ჩვენსას არ ემთხვევა. ქვრივის ორი მწულილი მისთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ყველა დანარჩენი საუნჯე. ღვთისმოსავი დედაკაცის ღატაკთათვის შეკერილი თითოეული სამოსელი ჩამოთვლილია ღვთის სიტყვაში და ამ მეჩანგის მუსიკაც არაა დავიწყებული.
მეორეს მხრივ, ბევრ გახმაურებულ, თვალსაჩინო ადამიანურ საქმეს უფლის წინაშე არა აქვს ფასი. მაშ, „კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერსა მის ნიჭისა ღმრთისანი (1 პეტრე 4, 10). და გახსოვდეთ, რომ სამსახური, რომელიც მის ერთ მოწაფეთაგანს გაუწიეთ, ან წინასწარმეტყველს, ან მახარებელს, ღვთისგან უდიდეს საზღაურს მიიღებს.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.