„და დაანახვა უფალმა (მოსეს) ძელი,
ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი“
(დაბადება 15, 25)
ისრაელიანთა უდაბნოში მოგზაურობის ისტორიაში ბევრი რამ სანუგეშოა ჩვენთვის. ისრაელიანები წყაროსთვალს წაადგნენ, მაგრამ წყალი მწარე აღმოჩნდა და ვერ დალიეს. ჩვეულებისაებრ, თავიანთ ბელადზე - მოსეზე - დრტვინვა იწყეს. მან კი უფალს შეჰღაღადა. მაშინ „დაანახვა უფალმა ძელი, ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი“. წყალი იგივე დარჩა, მაგრამ გემო იცვალა.
გასაოცარია, როგორ გვექცევა ჩვენ ამჟამადაც უფალი, როგორც ერთ დროს ისრაელის ხალხს. განსაცდელები, სნეულებანი და მწუხარებანი ქრისტიანს გვერდს არ უვლიან, პირიქით, ხშირად ჩანს, რომ გაორმაგებული აქვთ. გარნა ყველა ამ განსაცდელზე, ყველა ამ მწუხარებაზე უფალი ამ სიტყვებით გვპასუხობს: „ამას გეტყოდე თქვენ, რაჲთა ჩემ თანა მშვიდობაჲ გაქუნდეს“ (იოანე 16, 33). აი, ჩვენი სამკურნალო ძელი ხისა. თავად უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა - ერთსა მხოლოსა მას ძალუძს ჩვენი ნუგეშინისცემა და განკურნება სნეულებისაგან.
რაოდენი სულიერი სიმაღლეა მოციქულ პავლეს სიტყვებში: „არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, და გამოცდილებაჲ - სასოებასა“ (რომ. 5, 3-4). და რაც უფრო მკაფიოდ აღგვიწერს იგი მის მიერ განცდილ ჭირ-ვარამს, მით უფრო ღრმად და ძლიერად შეასხამს ხოტბას იმ მადლს, იმ განსაკუთრებულ ნუგეშინისცემას, რომლითაც ყველა ეს მწუხარებანია გაჟღენთილი და დამტკბარი. „გარდარეულად დაგვიმძიმდა ჩუენ, უფროჲს ძალისა ჩუენისა... ღმერთმა მიხსნა ჩუენ... მიხსნის... მერმეცა მიხსნეს“ (2 კორ. 1, 8-10).
პავლემ უშიშრად იგემა ამ მწარე ბარძიმიდან, სასოებდა რა, რომ ტანჯვის გამრავლების კვალობაზე, ქრისტეს მიერ ნუგეშინისცემაც გამრავლდებოდა (2 კორ. 1, 5).
მაშ, ნუ მივეცემით მოწყენილობას, ვუწყით რა, რომ არასდროს არანაირ მწუხარებას არ ძალუძს ჩვენი ძლევა, რამეთუ „კმა არს ჩუენთვის მადლი მისი“ ყოველსა ჟამსა.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.