„ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რამეთუ ნაყოფი მრავალი გამოიღოთ“
(იოანე 15, 8)
ღვთის განდიდება არამარტო მოწამეობრივი სიკვდილით შეიძლება ან მისიონერული მოღვაწეობით, არამედ „ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ“. სულიერ ნაყოფთა სიმრავლე განსაკუთრებით განადიდებს მას. ჩვენთვის არ არსებობს ამაზე აღმატებული მიზანი. მაშ, ვეცადოთ მივაღწიოთ მას ჩვენი ლოცვებით, ანუ სულის ყოველი მისწრაფებით. მოსალოდნელი ნაყოფი ჩვენისა მცდელობისა გალატელთა მიმართ ეპისტოლეშია ჩამოთვლილი: „ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ“ (გალატ. 5, 22). რაოდენი სულიერი სიმდიდრეა! მათგან ერთს მაინც თუ ფლობ? როდესაც უფალი სავენახისა წლითი-წლად მოვალს და ეძიებს ნაყოფს ჩემთა ტოტთა ზედა, ზოგიერთ მათგანს მაინც თუ პოულობს?
მაშ ასე, რაც უფრო მგზნებარე იქნება ჩვენი რწმენა, რაც უფრო მხურვალე იქნება სიყვარული, რამდენადაც უფრო უხვი სიხარული და მშვიდობა, რაც უფრო მოთმინებით ვეცდებით განსაცდელთა გადატანას, რაც უფრო თბილი და შემწყნარებელნი ვიქნებით მოყვასისადმი, რამდენადაც უფრო თავგანწირული იქნება ჩვენი ცხოვრება, მით უფრო განვადიდებთ ჩვენი ზეციური მამის სახელს.
ღვთისთვის სათნო ნაყოფი მხოლოდ იმ მცენარეს მოაქვს, რომელიც მან დაჰნერგა და რომელიც მასში ჰგიეს. „რომელი დაადგრეს ჩემთანა, და მე მისთანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15, 5).
წინასწარმეტყველ ეზეკიელის საკვირველ ხილვაში მკვდრებით მოფენილ მინდორზე, გამომშრალი ძვლებით, მთელი ხალხია მასთან შედარებული და განმარტებულია მიზეზი: ისინი „ფესვებს მოსწყდნენ“, იწყეს ჩამოხმობა და საბოლოოდ გახმნენ. სული, რომელიც ღვთიურ ძირზე არაა დამყნობილი, შეუძლებელია არ გახმეს. მისგან არანაირ მოსავალს არ უნდა ელოდე. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე 17, 28). აი, ერთადერთი, აუცილებელი პირობა მოსავლისა.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.