„მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და
შენი მოდგმისთვის მომიცია
სამარადისოდ...“
„ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა,
რადგან შენთვის
მომიცია იგი“
(დაბადება 13, 15, 17)
ღმერთმა აბრაამს აღთქმის მიწა მემკვიდრეობად მისცა. და შენც იგივეს განიჭებს უფალი სულიერი თვალსაზრისით. გაითავისე ამ სულიერ ნიადაგზე ის, რაც შეურყვნელი აღთქმით გენიჭება შენ. ეს შენი მონაპოვარია, კეთილი ნაწილი, რომელსაც შენი სულის დაპურება სავსებით შეუძლია. აღდექ და სარწმუნოებით გაიარე შენს საკუთარ მიწაზე, იწყე მისი გამოყენება. ადექი და კიდით კიდემდე მოიარე შენდა ბოძებული სიყვარული, ჩაუკვირდი მას, შეითვისე იგი, იწყე ამ სიყვარულის ძალით სიარული.
შესაძლოა განსაცდელი გადაგხდეს ან ფარული წუხილის გადატანა მოგიწიოს. მოიძიე მაშინ სიღრმე იესუ ქრისტეს სიყვარულისა! იგი ხომ შენი კუთვნილებაა. იგი მისწვდება შენი წუხილის, შენი საზრუნავის ფსკერს.
შენთვის ძვირფასი არსების გამო შფოთავ? სურვილი გწვავს მიეხმარო? აღსდექ, ადექი და შენდა ბოძებული მემკვიდრეობა კიდით კიდემდე გაიარე. დე მოგიცვას ქრისტეს სიყვარულმა, რომელიც ყოველ სულს დაჰფოფინებს, ვინც შენი საზრუნვია, და თავად შენც, რათა განმზადებული კურთხევა და სიმშვიდე გადმოგაფრქვიოთ მათაც და შენც. მოიძიე იგი, სივრცე მისი, სიმდიდრე მისი თანაგრძნობისა, შთაეფალი ამ სიუხვეში და იარე მასში.
წუხილს გგვრის ახლობელთან განშორება, დაშორება მასთან, ვისი ყოველი ნაბიჯისთვისაც გინდოდა თვალი გედევნებინა და არ ძალგიძს, რადგან შორს ხარ? მოიგონე მაშინ სივრცე ქრისტესმიერი სიყვარულისა, რომელიც ყოველგან და ყველას მისწვდება, რომელიც იქ მიაღწევს, სადაც ვერ მისწვდება შენი ხელი. ყველაფერი ამ სიყვარულს ჩააბარე და დამშვიდდი.
სწუხარ შენთვის საყვარელ არსებაზე, რომელიც დედამიწაზე აღარაა, ერთი სული გაქვს როდის შეუერთდები მას სანატრელ სამშობლოში და გსურს დააჩქარო შეხვედრის საათი - ხელი ჰკიდე მაშინ ქრისტესმიერი სიყვარულის სიმაღლეს, რომელიც ჰგიეს რა ზეციურებთან, ანუგეშებს მიწიერთ და აერთებს ყველას. ეს სიყვარული ზეგარდამოვალს შენზე და აღგიყვანებს იქ, სადაც თავად ღმერთი მოსწმენდს თვალთაგან ცრემლს. მაგრად ჩაეჭიდე ამ სიყვარულს, მიენებე რომ ერთიანად მოგიცვას შენ საყვარელ არსებებთან ერთად და თავი ინუგეშე.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.