„კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსე მღელვარებით“
(იობი 14,1)
ის, რასაც იობი თავის დროზე წერდა, ჩანს უფრო მეტად თანამედროვე საზოგადოებაში მართლდება. არასდროს ყოფილა ადამიანის ცხოვრება ისეთი ამაო და მშფოთვარე, როგორც დღეს. ერთნი, მართლაც, საქმეებით შთანთქმულან, მეორეთ უბრალოდ არ იციან დროის ფასი და სულ ჩქარობენ, თავქუდმოგლეჯილნი სულმოუთქმელად სადღაც მიისწრაფიან, ყველა რაღაც ზნეობრივ ციებ-ცხელებას შეუპყრია.
ჩვენს დროში ადამიანები არამარტო მიდიან, არამედ დარბიან სხვადასხვა მხარეს, და ყველაზე მშვიდთაც კი გადაედებათ ხოლმე აჩქარება; შესაძლოა, არასდროს ჩაფიქრებიან ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: „სიმყუდროვესა და სასოებაშია სიმტკიცე თქუენი“.ამ სიმტკიცით და სასოებით გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი უფრო მეტ სარგებლობას მოგიტანთ, ვიდრე ადამიანური ამაოებიდან და თვითნებობიდან მომდინარე ასობით ნაბიჯი. მრავალი უნაყოფო საქმიანობის, იმედგაცრუების, სულის გათანგვის შემდგომ, როდესაც ადამიანი ამაში დარწმუნდება, მერმე ის თავისი ნებისაებრ აღარ ჩქარობს, არამედ მინებდება იმ მწყემსს, რომელმაც, როცა „თჳსნი იგი ცხოვარნი განიყუანნის, წინაშე მათსა ვიდოდის“ (იოანე 10,4) და არ აძლევს მათ გასწრების საშუალებას. თანაბარი, მტკიცე, ურყევი ნაბიჯებით გაჰყვება ადამიანი თავის ზეციურ ბელადს, და მიაპყრობს რა მას მზერას, ისწავლის, თუ რას ნიშნავს არა გზის ამორჩევა, არამედ მიყოლა. არ ეგების შეჩერება, არ ეგების აჩქარებაც, გვმართებს მორჩილება და მივიღებთ მისგან მომდინარე სამარადჟამო ნაყოფს.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.