ნუ განეშორები ღმერთს

„აქა ერთისაჲ არს სახმარ“
(ლუკა 10, 42)

ზოგჯერ დიდხანს ვეძებთ, თუ რას მივაჯაჭვოთ გული. იგი ხან ერთ მიწიერ კარზე რეკს, ხან მეორეზე, ეძებს თავშესაფარს, მაგრამ იქ დაგლეჯენ, აქ ცოდვით შებილწავენ ან აბუჩად აიგდებენ; და ყოველივე ამის შემდეგ რჩება სიცარიელე და მწუხარება. ბოლოს, მოულოდნელად, ესმის სიტყვა: „აქა ერთისაჲ არს სახმარ“. და წარმოსდგება მის წინაშე ღვთიური გულთამხილავი, რომელიც იცნობს რა ადამიანს სულერთიანად, მის მაძიებლობას, მიმოხეტიალსა და სწრაფვას, ისე დადებითად განამტკიცებს, რომ მას ერთიღა სჭირდება - ღმერთთან კავშირი, რომელმაც იგი თავისთვის შექმნა. მას სჭირდება მაცხოვარი, რომელმაც დედამიწაზე მოაკითხა, რათა იგი არასოდეს დაეობლებინა. მას სჭირდება სულიწმიდის ის მადლი, რომელსაც ძალუძს გასასტიკებული და შებღალული გული, ღვთის მიერ აღორძინებულ, წმინდა გულად აქციოს, რომელზედაც ღვთის ნებაა აღბეჭდული. ვინც ამით გამდიდრებულა, დაამოწმებს, რომ ეს ერთი სავსებით საკმარისია.

უფალო, შენ ამბობ: „აქა ერთისაჲ არს სახმარ“, - და მეც მთელი გულით გპასუხობ: „კმა-არს ჩემთვის მადლი შენი, მე სხვა არა მჭიდება რა!“

არ მოიძებნება არცერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც მადლობას არ შესწირავდა უფალს იმის გამო, რომ მასთან ყოფნა კარგია; იმდენად კარგი, რომ უმჯობესია ყოველივე დაითმინო, ვიდრე მას განეშორო.

ქრისტემ თქვა, რომ მორწმუნე არასოდეს იშიმშილებს: სული მისი სავსებით დაპურდება და აღარასოდეს მიიქცევა სამათხოვროდ ამასოფლისა და ცოდვისადმი. ყველას შეუძლია საკუთარ თავზე გამოსცადოს ამ სიტყვების ჭეშმარიტება. „სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან“ (ესაია 12, 3).

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.