„მე ვიქნები შენთან“
(გამოსვლა 3, 12)
როდის ეთქვა მოსეს ეს სიტყვები? ყველაზე მეტად როდის დასჭირდა ამქვეყნად ისინი და უბიძგა უდიდეს, მის შესაძლებლობებზე ზეაღმატებულ სიმამაცეზე? იყო დრო, როდესაც ფარაონის შვილობილს მაღალი მდგომარეობა ეკავა, როცა თავი ძლიერად და ბრძნად მიაჩნდა და ამ ხორციელი ძალის შეგრძნებით განიზრახა თავის ხალხს შესწეოდა. მაგრამ რითი დამთავრდა ეს მცდელობა? სრული წარუმატებლობით, სრული მარცხით და მოსე იძულებული გახდა, ფარაონის რისხვასა და მასზე გულმოსულ ერისშვილებს გაქცეოდა. მაშინ დაუდგა ჟამი მოთმინებისა და გულისშემუსვრილებისა. იძულებული შეიქმნა უდაბნოში წასულიყო და ყველაზე თავმდაბლური თანამდებობა ეტვირთა - ემწყემსა ფარა. დაუდგა ჟამი დამდაბლებულიყო, დამცირებულიყო, უარეყო საკუთარი თავი და ძალები. როდესაც ეს გაკვეთილი გაიარა, ღმერთმა უხმო მზა იარაღს საქმეზე და უბრძანა წასულიყო ხალხის დასახსნელად.
მაგრამ თვითდაჯერებულობა გაქრა და დიდებული რჩეული, მიიჩნევდა რა თავს უღირსად, უძლურად, მდაბლად შეევედრა: „წარგზავნე სხვა“. მაშინღა მოიწია ჟამი, ღმერთს თავისი მოციქული გაემხნევებინა: „მე ვიქნები შენთან“. ნუ შეგაკრთობს, მოსე, საკუთარი უძლურება, მადლობა ღმერთს, რომ შენ ეს შეიცანი და შეიგრძენ. შენ გეტყვის ყოვლადძლიერი: „მე ვიქნები შენთან“. დე, თითოული დაფიქრდეს ამაზე და ისარგებლოს აქედან.
ნუთუ ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს თვითნებურად გადაეშვა რაიმე საქმეში, წამოწყებაში, საკუთარ ძალებსა ან ცოდნაზე დაიმედებული და შენს კეთილ განზრახვაზე დაყრდნობილი. არა ღვთისაგან წარგზავნილი და შემზადებული ადამიანი თავგამოდებით ადგება ამა თუ იმ გზას, განიცდის მარცხს და ხშირად არ ესმის, რატომ. ღვთისთვის გვერდის ავლით, საკუთარი თავით დაიმედებული, იძულებული ხდება, საკუთარი თავდაჯერებულობის შედეგები იწვნიოს. ღმერთმა ქნას, ასეთმა სულმა არ დააყოვნოს თავის დამდაბლება ღვთის წინაშე, რომელიც მას დაჰვიწყნია, იარაღის დაყრა, რითაც მოქმედებდა, შეცნობა საკუთარი უძლურებისა და მიხედვა მისკენ, რომელმაც იგი დაამდაბლა, რათა ჭეშმარიტ სიმაღლეებთან მოეყვანა, სრულ მორჩილებაში და მისდამი დამოკიდებულებაში. „თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15,5), - თქვა ქრისტემ. ვიტყვით ამაზე - დიახ და ამინ. დე, ჩვენთვისაც დადგეს ჟამი, როდესაც ჩვენი ერთადერთი დასაყრდენი და ძალა იქნება აღთქმა: „მე ვიქნები შენთან“.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.