„ეს ხალხები უფალსაც ესავდნენ და კერპებსაც სცემდნენ
თაყვანს. როგორც მამები
იქცეოდნენ,
დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილთაშვილები“
(4 მეფ. 17,41)
ამ ხალხთა შთამომავალნი ლეგიონამდე გამრავლდნენ: ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით მათ მსგავსთ, „მსახურთ ღვთისა და მამონასადმი“ (მათე 6,24), „რომელნიც ორივე ფეხზე კოჭლობენ“ (3 მეფ. 18, 21), „არცა გრილთა, არცა ტფილთა“ (გამოცხ. 3, 15) ანუ, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, გამზადებულებს ჩვენიც აამოს და თქვენიც.
აი, რაში მდგომარეობს „ამა ხალხთა“ ცოდვა: მხარს არ უჭერენ რა არც ერთს და არც მეორეს, ისინი ერთდროულად ემსახურებიან ღმერთსა და მამონას, ხოლო არსებითად, ერთისგანაც და მეორისგანაც თავისთვის მხოლოდ ხეირს ეძებენ.
შეუძლებელია ნახევრად ღმერთს ეკუთვნოდე და ნახევრად იმ მტრულ ძალას, რომელიც ასე მოხერხებულად ეუფლება ადამიანებს; შეუძლებელია მხოლოდ იშვიათად მისდევდე ღვთის სიტყვას და მხოლოდ ნაწილობრივ იყენებდე მას ცხოვრების საფუძვლად და, იმავ დროს, ყველა შენს მოქმედებას და გადაწყევტილებას ზომავდე - „ამა სოფლის სულით“.
უფალო, ნუთუ როდესაც შენ მიხმობ, გავკადნიერდები და გეტყვი: „მე მზად არა ვარ, მოგვიანებით მოვალ?“ ნუთუ მე ჩავახშობ იმას, რაც შენ გსურს მითხრა და მოგმართავ მაშინ, როდესაც თავს მივანებებ ამ სოფელს? ნუთუ მე შემიძლია დაუსჯელად ორად გავყო ჩემი ცხოვრება, გული ჩემი, ჩემი მისწრაფებები და შენ ყოველივე ამის მხოლოდ ნაწილი მოგიძღვნა? ვმერყეობ რა ორ გზას შუა, მე იმ ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომელიც ესოდენ საშიშია, ვერ გამიცნობიერებია რა, რომ ღმერთმა გულში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება დაიკავოს ან - არცერთი.
რას ისწავლიან ბავშვები მერყევი მშობლებისგან? რა ფასი აქვს დარიგებას, მცდელობას, შერისხვას, როდესაც მშობლების ცხოვრებაში არ ჩანს ის მყარი საფუძველი, ის ღვთიური ავტორიტეტი, რომელსაც თუკი მშობლები დაემორჩილებოდნენ, დამორჩილდებოდნენ ბავშვებიც. „შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან. ამინ“ (იოანე 5,21).
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.