„რაჲცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს“
(გალატ. 6, 7)
რას თესავდა მთესვარი იგი, რომელზედაც სახარება მოგვითხრობს? ის თესავდა უკვდავსა, ცოცხალსა, თესლსა კეთილსა და ნაყოფი, რომელიც მას მოჰქონდა, მის მიმღებელ დედამიწაზე, იყო ნაყოფი მადლმოსილი, მყოფი საუკუნო ცხოვრებაში.
ყოველი ადამიანი რაღაცას თესავს: სიტყვანი მისნი, საქმენი მისნი - თესლია, რომელიც ყოველდღიურად ითესება და უკვალოდ არ ქრება. მწიფდება მკათათვისთვის, რის შემდეგაც ხორბალს აიღებენ და დაავანებენ ზეციურ ამბარში, ნარ-ეკალს კი ცეცხლში ჩაყრიან. მაგრამ ადამიანები ამაზე ნაკლებად ზრუნავენ: პეშვებით თესენ ბოროტებას, ხოლო სამკალზე არასოდეს იფიქრებენ და ჰგონიათ, რომ დათესილი ბოროტებიდან საბოლოოდ სიკეთე აღმოცენდება. ღვთის თვალი ყველაფერს აკვირდება და სიტყვაჲ მისი გვაფრთხილებს: „ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ იქმნების... რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ“ (გალატ. 6, 7-8).
„ქარს სთესენ და ქარს მოიმკიან“ (ოსია 7, 8).
ქარიშხალს მოიმკი შენ, საბრალო ძმაო ჩემო, თუკი ამჟამად ცოდვისა და ხრწნილების თესლს თეს; და შენს დაუცველ თავს ვინ დაიფარავს ამ ქარიშხლისგან? თესლი ამბარს შეეფარება, ხოლო შენ კი - სად იქნები?
კეთილი მარცვალი - ეს ღვთის სიტყვაა. იწყე მისი შენს სულში მიღება, ეკლითა და ღვარძლით რომ დაბურულა. იგი აღმოფხვრის მათ, იგი მოიცავს სულს, იგი ახალ ცხოვრებას შეიტანს მასში „პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა“ (მარკ. 4, 28).
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.