„და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა
ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება“
(ეკლესიასტე 2, 17)
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისი ცხოვრების მანძილზე არ ჰქონია ცთუნება, სოლომონის ეს სიტყვები გაემეორებინა და იმავ დროს, არ გაეცნობიერებინა, თუ რამდენად არასწორი და ცოდვიანია. ეს მართლაც, ცთუნებაა; ბოროტი სული თავის ჯოჯოხეთურ სინათლეს მიჰფენს მთელ ტალახსა და სისაძაგლეზე, რომელიც კი ცხოვრებაში გვხვდება, და ამის ხილვაზე ჩვენც გვძულს მთელი ქვეყანა; უნებურად ვეკითხებით საკუთარ თავს, ღირს კია, მართლაც, ცხოვრება, და რისთვის? ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ, ვბრუნავთ რა ცოდვისა და ცთუნების ღრმულში, ტანჯული კაცობრიობის საერთო გმინვას საკუთარი მოტირალი ხმაც შევუერთოთ?
ქრისტიანს არ უნდა სძულდეს ცხოვრება; შეიგრძნობს რა, რაოდენ არასრულქმნილია იგი, პირქუში, ზოგჯერ სასტიკიც კი, მას მაინც უნდა უყვარდეს იგი როგორც ღვთის უდიდესი ნიჭი და ესმოდეს, რომ ყოველ მოსურნეს შეუძლია მისგან ბევრი რამ ისწავლოს. ცხოვრება - ასპარეზია, სადაც ჩვენ სიმართლისათვის ვებრძვით სიცრუეს და სიკეთისათვის - ბოროტებას. იგია განძი, ხშირად ადამიანების მიერ გაფლანგული; ცხოვრებისაგან ჩვენ უნდა მივიღოთ სარგებლობა და როდესაც დადგება ჟამი, ღვთის ხელში უნდა დავაბრუნოთ, იქ, საიდანაც მივიღეთ. ცხოვრება - ეს ნიადაგია, ხშირად ქარიშხლიანი და უამინდო, მაგრამ კეთილისმყოფელი წვიმებით ირწყვება. და ბოლოს, უპირველეს ყოვლისა, იგი ნიჭია ღვთისა; მაშ რა უფლება მაქვს მოვიძულო ეს ნიჭი და შევაჩვენო ის, რაც ღმერთმა აკურთხა?
იმისთვის, რათა ცხოვრება გვიყვარდეს, ნუ დავიწყებთ მასში იმის ძიებას, თუ რისი მოცემა შეუძლია მას, არამედ ვეძიოთ ის, რისი მიძღვანებაც გვიხმს ჩვენ მისთვის. გსურს შეიყვარო ცხოვრება - განიხილე, რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია შენ სხვისთვის? ნუთუ შენი ცხოვრების გზაზე არავინ აღმოჩნდა, ვისაც შენი სიყვარული სჭირდებოდა, ვისი ნუგეშინის-ცემაც შეგეძლო, გამხნევება, უფალთან მიყვანა? სიყვარულის საქმეებით განათებული ჩვენი ცხოვრება გარდაისახება და აყვავილდება ამა სიყვარულის სინათლეზე.
„ეცადე ყოველდღიურად, - თქვა ვიღაცამ, - ადამიანური ტანჯვის ვეებერთელა მთას თუნდაც მცირეოდენი წუხილი მოაკლო და ადამიანური სიხარულის პატარა ბორცვს რაიმე შეჰმატო“. ნუ შეიყვარებ შენს ცხოვრებას ეგოისტურად, არამედ გიყვარდეს იგი უფლისა შენისათვის, რამეთუ სწორედ ესაა ბრძოლის ის ველი, სადაც შეძლებ ქრისტესთან იყო ცოდვის წინააღმდეგ. და გახსოვდეს, რომ მხოლოდ მაშინ დაიწყება ნამდვილი ცხოვრება, როდესაც მას სრულ განკარგულებაში იმას მიანდობ, ვინც გიბოძა.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.